ჰემილტონმა და შუმახერმა „ოქროს ჩაფხუტები“ მოიგეს #1TVSPORT
ჰემილტონმა და შუმახერმა „ოქროს ჩაფხუტები“ მოიგეს #1TVSPORT

იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა ტრადიციული ცერემონია Caschi d’Oro („ოქროს ჩაფხუტები“), რომლის ორგანიზატორები არიან იტალიური ჟურნალი Autosprint და იტალიის საავტომობილო ფედერაცია. კორონავირუსის პანდემიის გამო, დაჯილდოვება დისტანციურ ფორმატში გაიმართა, ლაურეატებმა კი ვიდეომიმართვები ჩაწერეს.

„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა და ამ გუნდის ხელმძღვანელმა ტოტო ვოლფმა „ოქროს ჩაფხუტი“ მიიღეს, შესაბამისად მეშვიდე ტიტულისთვისა და კონსტრუქტორთა თასისთვის.

კარლოს საინსმა კარიერაში მეორედ მიიღო Caschi d’Oro. 2015 წელს, მან ეს ჯილდო დაიმსახურა „საუკეთესო დებიუტანტის“ ნომინაციაში, ამჯერად კი მოიგო „წლის პროგრესის“ ნომინაცია.

ფორმულა 1-ის წლევანდელმა დებიუტანტმა მიკ შუმახერმა პრემია დაიმსახურა ფორმულა 2-ში საჩემპიონო ტიტულისთვის. სწორედ ამან გაუხსნა გზა ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟს მთავარი სარბოლო სერიისკენ.