ჰემილტონის მოულოდნელი მოგება ბაქოში
ჰემილტონის მოულოდნელი მოგება ბაქოში

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპზე – აზერბაიჯანის გრან პრიზე.

დისტანციის ორი მესამედი დამაჯერებლად პირველობდა საერთო ჩათვლის ლიდერი, „ფერარის“ პილოტი სებასტიან ფეტელი, მაგრამ გადამწყვეტი მომენტი მე-40 წრეზე მოხდა, როცა ერთმანეთს შეეჯახნენ „რედ ბულის“ პილოტები – დანიელ რიკარდო და მაქს ფერსტაპენი. ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გავიდა, რამაც „მერსედესის“ პილოტის, ვალტერი ბოტასის სასარგებლოდ ითამაშა – ფინელმა შეძლო დროის დაკარგვის გარეშე გამოეცვალა საბურავები და პირველი დაბრუნდა ტრასაზე.

რესტარტი ფინიშამდე ოთხი წრით ადრე მისცეს. ბოტასმა ​ლიდერობა შეინარჩუნა. ფეტელი პირველ ადგილზე გასვლას ცდილობდა, თან ლუის ჰემილტონისგან და კიმი რაიკონენისგან იცავდა თავს. პირველ მოსახვევში ფეტელმა გარისკა, გასწრებისას დამუხრუჭების წერტილი გამორჩა და რამდენიმე პოზიცია დაკარგა.

ბოტასმა ლიდერობა შეინარჩუნა, მაგრამ მალე ფინელის მანქანაზე უკანა მარჯვენა საბურავი გასკდა, ამით კი გზა გაეხსნა ლუის ჰემილტონს, რომელმაც სეზონში პირველი რბოლა მოიგო. მეორეზე რაიკონენი გავიდა. ფეტელმა კი „ფორს ინდიას“ პილოტი სერხიო პერესიც წინ გაუშვა და მეოთხე მივიდა ფინიშთან.

საერთო ჩათვლაში, ოთხი ეტაპის შემდეგ, ლიდერობა ლუის ჰემილტონმა მოიპოვა – ის ოთხი ქულით უსწრებს ფეტელს და 22 ქულით – რაიკონენს.

ლიდერი შეიცვალა კონსტრუქტორთა თასზე. აქ წინ გავიდა „ფერარი“, რომელმაც ოთხი ქულით ჩამოიტოვა უკან „მერსედესი“.

ორ კვირაში ესპანეთის გრან პრი გაიმართება.

დატოვე კომენტარი