„ჰემერს ნიუსი“ - ჩაკვეტაძის დამატებით „ვესტ ჰემს“ მეტი იმპროვიზაცია შეემატება
„ჰემერს ნიუსი“ - ჩაკვეტაძის დამატებით „ვესტ ჰემს“ მეტი იმპროვიზაცია შეემატება

პრემიერლიგური „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ოფიციალური საიტი „ჰემერს ნიუსი“ (hammers.news) ამტკიცებს, რომ ინგლისის ლონდონური გუნდი საქართელოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას აპირებს.

„გუნდის ბოსი დევიდ მოიესი დაინტერესებულია, რომ ზაფხულში ლონდონის სტადიონზე „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დაიმატოს. „ჩაქუჩებს“ (გუნდის ზედმეტსახელი) შუა ხაზში ძალიან ძლიერი ნახევარმცველები ჰყავთ და საყრდენ ზონაში კარგად გამოიყურებიან. ამასთანავე, მათ უფრო მეტი კრეატიულობა შეუძლიათ გამოიჩინონ შემტევი ნახევარმცველების მხარდასაჭერად. „გენტის“ მოთამაშის დამატებით კი „ვესტ ჰემს“ შეტევას მეტი შემოქმედება და იმპროვიზაცია შეემატება“ – წერს hammers.news.

აქვე აღნიშნულია, რომ ქართველ ფეხბურთელს სხვა კლუბებიც აკვირდებიან: „ამასთან, „ვესტ ჰემი“ შეიძლება კონკურენციას წააწყდეს. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასარგებლო 10 ნომრის როლშია, თუმცა ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით თამაშობს. 20 წლის მოთამაშე შეიძლება, მომავლის ვარსკვლავიც იყოს. ახლო წარსულში მისით „ბარსელონა“ და „ტოტენჰემი“ დაინტერესდნენ. „ტოტენჰემი“ ჩაკევტაძეს კონტრაქტის გაფორმებას 2018 წელს სთავაზობდა, რადგან ის ნიჭიერი ახალგაზრდაა და მისი ტრანსფერი ლონდონელებისთვის მომავალზე გათვლილი ნაბიჯი იქნება“.

ქართველის დამატებას ლონდონურ კლუბს „hammers.news“ იმიტომაც ურჩევს, რომ არსებული ცნობებით ახლა სატრანსფერო ფასები შემცირდა და გუნდმა ამით უნდა ისარგებლოს: „ზაფხული ქართველი მოთამაშის დასამატებლად ყველაზე კარგი დრო იქნება, რადგან „გენტიდან“ შეიძლება ჩაკვეტაძის ტრანსფერი მხოლოდ 5.3 მილიონი ფუნტად (6,555 მილიონი ევრო) გამოისყიდოს. შესაძლოა, ეს „ვესტ ჰემისთვის“ ძალიან მომგებიანი გარიგება აღმოჩნდეს“.