ჰასან როჰანი - ირანი აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ ვაშინგტონი ვენესუელისკენ მიმავალ ნავთობტანკერებს პრობლემებს შეუქმნის
ჰასან როჰანი - ირანი აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ ვაშინგტონი ვენესუელისკენ მიმავალ ნავთობტანკერებს პრობლემებს შეუქმნის

ირანი აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ ვაშინგტონი ვენესუელისკენ მიმავალ ნავთობტანკერებს პრობლემებს შეუქმნის, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა.

„ჩვენს ტანკერებს კარიბის ზღვაში ან მსოფლიოს სხვა ადგილზე ამერიკელების მხრიდან პრობლემები თუ შეხვდება, ისინი ასევე პრობლემებში აღმოჩნდებიან. არასდროს მოვახდენთ კონფლიქტის ინიცირებას. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელები შეცდომას არ დაუშვებენ“, – განაცხადა ჰასან როჰანიმ ყატარის ემირთან გამართულ სატელეფონო საუბარში.

ირანული საწვავით დატვირთული ხუთი ტანკერისგან შემდგარი ფლოტილია კარიბის ზღვაში იმყოფება. ირანულ ტანკერებს ვენესუელაში 1.53 მილიონი ბარელი ბენზინი და ალკილატი, იგივე ნაჯერი ნახშირწყალბადების ნარევი მიაქვს. დაძაბულობას ქმნის ის ფაქტი, რომ ირანსა და ვენესუელაზე აშშ-ის სანქციები მოქმედებს.