ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ ძალადობაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს [ვიდეო]

პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ ძალადობაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც BBC იტყობინება, ვაინშტაინს ორი ქალის გაუპატიურებაში, დანაშაულებრივ სექსუალურ აქტსა და სექსუალურ შევიწროვებაში ედება ბრალი.

პროდიუსერი ნიუ-იორკის პოლიციას დღეს თავად ჩაბარდა.

66 წლის ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ ძალადობასა და შევიწროვებაში ათობით ქალმა დაადანაშაულა, რამაც კამპანია #MeToo-ს დაუდო საფუძველი. აღნიშნულ ქალებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ.

როგორც ამერიკული მედია წერს, ჰარვი ვაინშტაინს ბრალი სავარაუდოდ, მსახიობ ლუსია ევანსის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. ევანსი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ოქტომბერში პროდიუსერი საჯაროდ დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში.

გახმაურებული სკანდალის გამო, ჰარვი ვაინშტაინმა ძმასთან ერთად დაფუძნებული კომპანია დატოვა. ის ასევე Academy Awards-დან გარიცხეს. ვაინშტაინის ცოლმა კი განქორწინება მოითხოვა.

ჰარვი ვაინშტაინი მრავალი წლის განმავლობაში ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი იყო.