ჰარი კეინს მსოფლიო ჩემპიონატებზე 10 გოლი მოუგროვდა - ინგლისმა ტურნირი ხორვატიასთან მოგებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

წრის მთავარი მატჩი დალასში გაიმართა – ინგლისი ხორვატიას დაუპირისპირდა. ფავორიტთა სტატუსი თამაშითაც გამართლდა: პირველ ტაიმში ოთხი გოლი გავიდა, საბოლოოდ, მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

ინგლისის ნაკრებმა საწყისი ორი გოლი სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაიტანა:

მე-12 წუთზე ჰარი კეინმა პენალტი გამოიყენა.

42-ე წუთზე იმავე კეინმა რაისის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი კარგად დაუხვედრა და დუბლი შეასრულა.

შედეგად, კეინს მსოფლიო ჩემპიონატებზე 10 გოლი მოუგროვდა და ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირს (მუნდიალებზე) გარი ლინეკერს გაუთანაბრდა.

ხორვატიამ ორივეჯერ გაათანაბრა, რითაც ორ ნიუანსზე მიგვაქცევინა ყურადღება: პირველი – შეტევაში მეტად სახიფათო გუნდია. მეორე – ინგლისის ნაკრებს დაცვაში გარკვეული პრობლემები აქვს.

36-ე წუთზე ბატურინამ გაიტანა.

45+5 წუთზე მუსამ ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

როგორც ჩანს, ტომას ტუხელმა ინგლისელები გვარიანად შეაჯანჯღარა. შედეგად ბრიტანელები მეორე ტაიმში განსაკუთრებით მოტივირებულები გამოვიდნენ და 47-ე წუთზე ბელინგემმა თანაგუნდელები 3:2 დააწინაურა კიდეც.

85-ე წუთზე მარკუს რეშფორდმა ერთიც გაიტანა და ინგლისმა 4:2 გაიმარჯვა.

მეორე ტაიმში არ ჩანდა ის ხორვატია, რომელმაც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე არაერთი ფავორიტი გაამწარა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.