ჰარი კეინი - ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ფინალში მოედანზე ვიყო
ჰარი კეინი - ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ფინალში მოედანზე ვიყო

ტოტენჰემის თავდამსხმელი ჰარი კეინი იმედს გამოთქვამს, რომ 1 ივნისისთვის, როდესაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულს დაუპირისპირდება, მოედანზე გასასვლელად თავადაც მზად იქნება.

კეინი 9 აპრილს დაშავდა, როდესაც მანჩესტერ სიტისთან მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო და არც გუშინ, 8 მაისს იყო მოედანზე, როდესაც ტოტენჰემმა საოცარი მატჩი ჩაატარა და ფინალში გავიდა.

„სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიდის. უკვე დავრბივარ და ახლა უფრო მეტად უნდა მოვინდომო, რომ მწვრთნელებს მზადყოფნა დავუმტკიცო“, – აცხადებს ფეხბურთელი.

აიაქსმა პირველი მატჩი ლონდონში ანგარიშით 1:0 მოიგო და განმეორებით მატჩში, საკუთარ მოედანზე, პირველ ტაიმში მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. მიუხედავად თითქმის უიმედო მდგომარეობისა, ლონდონელებმა მეორე ნახევარში საკუთარ თავში ძალა იპოვეს და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. შედეგად, ორი თამაშის ჯამში, დაპირისპირება 3-3 დასრულდა და ტოტენჰემი ფინალში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა.

„გამაწბილებელი პირველი ტაიმი იყო. ჩვენ მათ თამაშის საშუალება მივეცით. შესვენებისას გასახდელში ჩავედი და მივხვდი, რომ ფეხბურთელები ყველაფერს აცნობიერებდნენ. ერთმანეთს ვუთხარით, რომ დარჩენილ 45 წუთში ყველაფერი უნდა დაგვედო მოედანზე“, – ამბობს კეინი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, სტადიონ ვანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართება.