ჰარდენის ჰეგემონია გრძელდება, ჰიუსტონმა ოვერტაიმში მოიგო
ჰარდენის ჰეგემონია გრძელდება, ჰიუსტონმა ოვერტაიმში მოიგო

შეუჩერებელია ჯეიმს ჰარდენი. მიმდინარე რეგულარული სეზონის მთავარმა ბომბარდირმა ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ 48 ქულა ჩაუგდო, რასაც 8 მოხსნა და 6 პასიც დაუმატა. ჰიუსტონ „როკეტსმა“ ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ ოვერტაიმში ანგარიშით 138-134 მოუგო. თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე კალიფორნიელები წინ იყვნენ. ერთ ეპიზოდში სტუმართა ლიდერობამ 20 ქულაც შეადგინა. ამის მიუხედავად, ჰიუსტონმა მაინც მოახერხა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა და მოგება. ლოსანჯელესურ კლუბში საუკეთესო კვლავ კაელ კუზმა იყო. ახალგაზრდა ფორვარდი, ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში, გუნდის მთავარი მექულეა. ამჯერად მისმა მონაგარმა 32 ქულა შეადგინა.

პოლ ჯორჯმა ოკლაჰომას ფილადელფიაში მოაგებინა. სტუმართა ფორვარდმა მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე შორეული ორქულიანი ტყორცნა გამოიყენა და მეტოქეს პლუს ჯარიმა მიაღებინა, რის შემდეგაც მატჩის საფინალო ანგარიში დაფიქსირდა, 117-115 „სითი თანდერის“ სასარგებლოდ. ჯორჯმა ჯამში 31 ქულა მოაგროვა. ამჯერად ორმაგი დუბლით შემოიფარგლა რასელ ვესტბრუკი. უკანახაზელმა 21 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა პირად აქტივში. მასპინძელთა შორის საუკეთესო ჯოელ ემბიდი გახლდათ 31 ქულით. ოკლაჰომა დასავლეთ კონფერენციაში, მესამე ადგილზეა. ფილადელფია, აღმოსავლეთში ჯერჯერობით, მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.