ჰარდენის 57 ქულა „ჰიუსტონს“ არ ეყო - „ოკლაჰომამ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო
ჰარდენის 57 ქულა „ჰიუსტონს“ არ ეყო - „ოკლაჰომამ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი (NBA) ცხრა შეხვედრით გაგრძელდა. განსაკუთრებულ ინტერესს სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენიმე მატჩი იწვევდა.

ლიდერებთან კიდევ უფრო მიახლოების შანსი გაუშვა „ჰიუსტონ როკეტსმა“. ტექსასურმა კლუბმა,მემფისში, ადგილობრივ „გრიზლისთან“ ოვერტაიმში წააგო, ანგარიშით 125-126. თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში, მასპინძლები კომფორტული სხვაობით ლიდერობდნენ. მესამე მეოთხედის შემდეგ კი, 19 ქულიანი ჰანდიკაპიც მოიპოვეს. ამის მიუხედავად, ჰიუსტონელებმა ოლომდე იბრძოლეს და მატჩის დამატებით დროში გადაყვანა შეძლეს.

კვლავ გაიბრწყინა ჯეიმს ჰარდენმა. „როკეტსის“ ლიდერმა შეხვედრა 57 ქულით დაასრულა. ოვერტაიმში „გრიზლი“ უფრო ძლიერი გამოდგა. მაიკლ კონლის შესანიშნავი თამაშის წყალობით (35 ქულა) და უკანასკნელ წამზე იონას ვალანჩუნასის ზუსტი საჯარიმო ტყორცნით, ტენესელებმა გამარჯვება მოიპოვეს.

მემფისს წელს პლეიოფში მოხვედრის არანაირი შანსი აღარ აქვს. „ჰიუსტონ როკეტსი“ დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.


წარუმატებელი სერია აქვს „ოკლაჰომას“ ბილი დონოვანის გუნდმა სეზონის ფინიშზე ზედიზედ მეოთხე დაპირისპირება წააგო და დასავლეთში მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა. „ო ქეი სიმ“ დღეს დილით, საკუთარ დარბაზში, „ტორონტო რეპტორსთან“ ოვერტაიმში წააგო, ანგარიშით 114-123. სტუმრებს პასკალ სიაკამმა ულიდერა – 33 ქულით და 13 მოხსნით. ოკლაჰომელთა შემადგენლობაში, 42 ქულით და 11 მოხსნით, საუკეთესო რასელ ვესტბრუკი იყო.

ტორონტომ“ სეზონში 51-ე შეხვედრა მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში გალიდერების შანსი აქვს. კანადური კლუბი, პირველ ადგილზე მყოფ „მილუოკი ბაქსს“ მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება. „ტორონტო“ და „ოკლაჰომა“ ერთმანეთს, ამჯერად „ეირ კანადა ცენტრში“, ზეგ შეხვდებიან.


ფილადელფია-ბოსტონი 118-115
კლივლენდი-მილუოკი 107-102
ორლანდო-ნიუ ორლეანსი 119-96
ჩიკაგო-ვაშინგტონი 126-120 (ო.ტ)
ნიუ იორკი-იუტა 116-137
სან ანტონიო-მაიამი 105-110
პორტლენდი-დალასი 126-118