ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო ჰიუსტონ „როკეტსმა“. ტეხასურმა კლუბმა ამჯერად ბოსტონში გაიმარჯვა. „თი დი გარდენში“ გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა თავიდანვე მოიპოვეს საგრძნობი უპირატესობა და ტაიმი 22 ქულის სხვაობით მოიგეს. ბოლოსკენ, ბოსტონელებმა მოუმატეს და მატჩს მცირე ინტრიგა დაუბრუნეს, თუმცა ჯეიმს ჰარდენის ბრწყინვალე თამაშით, ჰიუსტონმა 11-ქულიანი ჰანდიკაპი მაინც დაიტოვა და ანგარიშით 115:104 გაიმარჯვა. ჰარდენის ანგარიშზე 42 ქულა, 7 მოხსნა და 4 გადაცემა დაფიქსირდა. დამაჯერებელი იყო ერიკ გორდონი, რომელმაც 32 ქულა გამოიმუშავა. ორმაგი დუბლი ჰქონდა კრის პოლს. გამთამაშებელმა 15 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. „სელტიქსის“ შემადგენლობაში, 24 ქულით, საუკეთესო კაირი ირვინგი გახლდათ. „როკეტსისგან“ განსხვავებით, ბოსტონმა უკანასკნელი 6 თამაშიდან მეხუთე დაპირისპირება წააგო და აღმოსავლეთში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო ტურში ბრედ სტივენსის გუნდს კიდევ ერთი ურთულესი შეხვედრა ელის. „სელტიქსის“ მეტოქე მოქმედი ჩემპიონი გოლდენ სტეიტ „უორიორზი“ იქნება. ჰიუსტონი კი აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს, ტორონტო „რეპტორზს“ სტუმრად შეხვდება.
ტორონტომ დღეს დეტროიტში წააგო. „პისტონსი“ ბოლო პერიოდში შესანიშნავად გამოიყურება. დუენ კეისის გუნდმა უკანასკნელი 11 მატჩიდან მეცხრე თამაშის მოგება შეძლო. დღევანდელი დაპირისპირების ძირითადი დრო ანგარიშით 100:100 დასრულდა. ოვერტაიმში მასპინძლები უფრო მობილიზებულნი აღმოჩნდნენ და ანგარიშით 112:107 გაიმარჯვეს. მიჩიგანელთა რიგებში ბლეიკ გრიფინი იყო საუკეთესო – 27 ქულით და 7 მოხსნით. მორიგი ორმაგი დუბლი გააკეთა ანდრე დრამონდმა. დეტროიტელთა ცენტრმა 17 ქულა და 15 მოხსნა მოიპოვა. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 10 წუთი დაჰყო და 4 მოხსნის გაკეთება მოასწრო. კავაი ლეონარდის გარეშე მოასპარეზე ტორონტოს კაილ ლოურიმ 35 ქულით უწინამძღოლა. მარცხის მიუხედავად, ტორონტო კვლავ მეორე ადგილზეა, „პისტონსი“ კი მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში მინესოტა „ტიმბერვულვზს“” უმასპინძლებს.