ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ „ბარსელონა“ მისი ბოლო სამუშაო იქნება #1TVSPORT
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ კატალონური კლუბი ბოლო იქნება მის სამწვრთნელო კარიერაში.
უფრო ადრე „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დააანონსა უახლოეს მომავალში გერმანელ სპეციალისტთან ხელშეკრულების გაგრძელება.
„ცხადია, რომ მომწონს აქ მუშაობა, მაგრამ ასევე ვაფასებ საკუთარ დამოუკიდებლობას. დიდი ოჯახი მყავს და ძლიერი მხარდაჭერა მაქვს. ეს ფეხბურთია და ვცდილობ, ყველაფერი მივცე გუნდს… მაგრამ ვნახოთ. დრო არის. არ ვფიქრობ სადმე სხვაგან წასვლაზე. ეს იქნება ჩემი ბოლო სამუშაო ადგილი, და ეს ძალიან მახარებს.
ახლა არ არის დრო, ვილაპარაკო კონტრაქტის გაგრძელებაზე. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება. აქ ბედნიერი ვარ, მაგრამ უნდა დაველაპარაკო ოჯახს. განხილვისთვის დრო კიდევ არის“, – მოჰყავს ფლიკის სიტყვები გაზეთ Marca-ს.
61 წლის ფლიკი „ბარსელონას“ 2024 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს და გასულ წელს გუნდს ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში და, სავარაუდოდ, ფლიკი კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გააგრძელებს.