ჰანსი ფლიკი – „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩი გვაჩვენებს, რა დონეზე ვართ ევროპაში #1TVSPORT

10:00, 20.10.2026

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „პარი სენ-ჟერმენთან“ გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა მეტოქის სიძლიერეზე, საკუთარი გუნდის ფორმასა და საკადრო პრობლემებზე ისაუბრა.

კატალონიური გუნდი მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია და ყველა ტურნირზე ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგო. ფლიკის განცხადებით, პსჟ-თან დაპირისპირება მისი გუნდის შესაძლებლობების შესაფასებლად მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.

„ეს ჩვენთვის კარგი ტესტი იქნება, რათა გავიგოთ, რა დონეზე ვართ. მინდა, ჩემმა ფეხბურთელებმა თავდაჯერებულად, გაბედულად და გუნდურად ითამაშონ, როგორც ამას ბოლო შეხვედრებში აკეთებდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში პსჟ ალბათ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ეს კარგი შესაძლებლობაა, საკუთარი დონე წარმოვაჩინოთ და დავინახოთ, რისი გაუმჯობესება შეგვიძლია. მატჩის შემდეგ ბევრ რამეს გავიგებთ.

ლუის ენრიკემ ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მისი გუნდი ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს. ის შესანიშნავი მწვრთნელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მომწონს პსჟ-ის დინამიკა, ინტენსივობა, პრესინგი და ფეხბურთელების მოძრაობა. ისინი პოზიციებს ხშირად ცვლიან და ძალიან მოქნილები არიან. წარმოუდგენელია, როგორ განვითარდა ეს გუნდი.

ალტერნატივები გვაქვს. როდრისა და ფრენკი დე იონგს ამ პოზიციებზე თამაში შეუძლიათ. ჩვენთან ერთად არის ალექს კამპოსიც, რომელმაც პირველად ივარჯიშა ძირითად გუნდთან. პოზიტიურად ვარ განწყობილი. იდეალურ სიტუაციაში არ ვართ, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ.

მაღალი დაცვის ხაზით თამაში ყოველთვის რისკია. მთავარია, როგორ ვრეაგირებთ ბურთის დაკარგვის შემდეგ, როგორ ვახორციელებთ პრესინგს და როგორ ვინარჩუნებთ ფეხბურთელებს შორის სწორ დისტანციას. თუ ამას კარგად შევასრულებთ, ასეთი სტილი დიდ უპირატესობას მოგვცემს“, – განაცხადა ფლიკმა.

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბარსელონას“ შორის 20 ოქტომბერს პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი