ჰანსი ფლიკი – „ბარსელონა“ შეიძენს ალვარესს ან სხვას არავის #1TVSPORT
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ მისი კლუბი არ აპირებს ახალი ფორვარდის ძიებას იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებს მადრიდის „ატლეტიკოდან“ ხულიან ალვარესის შეძენას.
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა უკვე არაერთხელ დაადასტურა კატალონიურ კლუბში გადასვლის სურვილი. „ატლეტიკო“ მზად არის, ფეხბურთელი 150 მლნ ევროდ გაუშვას, თუმცა გამორიცხავს მის „ბარსელონაში“ გაყიდვას.
„ამაზე საუბარი არ მინდა. რამდენადაც მესმის, „ბარსელონა“ ან ხულიანს შეიძენს, ან არავის. კლუბში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმირებული ვარ, რამდენიმე შესანიშნავი ტრანსფერი განვახორციელეთ. კლუბმა მომავალზე უნდა იფიქროს, მე კი, როგორც მწვრთნელს, ყოველთვის უფრო მეტი მინდა.
სრულად ვენდობი ჩემს კლუბს და გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ. წარმოუდგენლად კარგი გუნდი გვყავს. დეკუ შესანიშნავად უძღვება თავის საქმეს. ჩვენ მომავალს ვუყურებთ, იმაზე ვფიქრობთ, რა იქნება უკეთესი ახლა და მომდევნო სამ-ხუთ წელიწადში. კლუბისთვის სტაბილურობა გვინდა“, – განაცხადა ფლიკმა.