„ჰამბურგის“ სპორტული დირექტორი - ჩაკვეტაძე შეტევაში ყოველთვის რაღაცას ქმნის #1TVSPORT
„ჰამბურგის“ სპორტული დირექტორი - ჩაკვეტაძე შეტევაში ყოველთვის რაღაცას ქმნის #1TVSPORT

პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა „კიკერმა“ „ჰამბურგის“ ქართველი შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის როლზე საინტერესო წერილი გამოაქვეყნა – „ჩაკვეტაძემ ხარისხი მოიტანა“.

„გიორგი ჩაკვეტაძის, დევიდ კინსომბის და იან გიამერას შეყვანით, „ჰამბურგის“ მწვრთნელმა ტიმ უოლტერმა („ზანდჰაუზენთან“) ცუდ და დუნე პირველ ტაიმზე მკვეთრი რეაგირება მოახდინა. თამაშის მსვლელობაც მკვეთრად შეიცვალა, რაზეც სამივემ გადამწყვეტი გავლენა იქონია. კინსომბიმ წარმატებით შეცვალა კიტელი „დარმშტადტთან“ (5-0), „ზანდჰაუზენთან“ კი გადამწყვეტი წვლილი შეასრულა. ჩაკვეტაძეზეც ანალოგიური ითქმის, რომელიც თავს ცენტრში უფრო კომფორტულად გრძნობს, მაგრამ ფრთაზე კარგია. 22 წლის პროფესინალმა, რომელიც „გენტიდან“ იჯარით გადმოვიდა, სწრაფად დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ხარისხის მატება“, – წერს „კიკერი“.

გერმანულ გამოცემასთან გუნდის სპორტულმა დირექტორმა მაიკლ მუტცელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა: 

„სეზონის ფინალურ ეტაპზე კარგი განცდა გვაქვს, როდესაც ვხედავთ, სათადარიგოთა სკამიდან თამაშის შეცვლა რომ შეგვიძლია. ჩაკვეტაძე შეტევაში კარგ გადაწყვეტილებებს იღებს, აუმჯობესებს რიტმს და უფრო და უფრო მეტ ძალას იძენს. მას ყოველთვის შეუძლია ჩვენთვის წინ რაღაცის შექმნა“, – აღნიშნავს მუტცელი კმაყოფილებით.

ქართველის მიმართ „ჰამბურგის“ დამოკიდებულებაზე მეტყველებს გუნდის „ტვიტერზე“ გამოაქვეყნებული ჩაკვეტაძის ფოტო, რომელზეც წარწერა არა გერმანულად ან ინგლისურად, არამედ ქართულადაა – „ჩვენი ნომერი შვიდი! მხოლოდ HSV!“.