„ჰამასი“ - ისრაელისა და საამიროების შეთანხმება პალესტინელი ხალხის ზურგში დანის მოღალატეობრივ დარტყმას ნიშნავს
„ჰამასი“ - ისრაელისა და საამიროების შეთანხმება პალესტინელი ხალხის ზურგში დანის მოღალატეობრივ დარტყმას ნიშნავს

ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეთანხმება პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ უზარმაზარ შეთქმულებას აჩვენებს, – თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პალესტინის წინააღმდეგობის ჯგუფების განცხადებაშია აღნიშნული.

ღაზის სექტორში მოქმედი პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ ხელმძღვანელობა ამბობს, რომ შეთანხმება პალესტინელი ხალხის ზურგში დანის მოღალატეობრივ დარტყმას ნიშნავს.

ჰამასში“ ამბობენ, რომ შეთანხმება პალესტინელების ინტერესებს არ ემსახურება და პალესტინის მოსახლეობის უფლებების იგნორირებას ახდენს.

ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეთანხმებას ეწინააღმდეგება დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადიც“, რომლის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ შეთანხმება დანებების ტოლფასია.

შეთანხმების წინააღმდეგ გამოდის პალესტინური ორგანიზაცია „ფათჰიც.“ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აბუ დაბი პალესტინელების მიმართ თავის ეროვნულ, რელიგიურ და ჰუმანიტარულ მოვალეობებს უგულვებელყოფს.

ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ისტორიული შეთანხმების შესახებ დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა. შეთანხმების თანახმად, ისრაელი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სუვერენიტეტის გაფართოებას შეაჩერებს.