„ჰალ სიტიმ“ სტუმრად „მიდლსბრო“ დაამარცხა - არველაძის გუნდმა კონკურენტთან სხვაობა გაზარდა #1TVSPORT
„ჰალ სიტიმ“ სტუმრად „მიდლსბრო“ დაამარცხა - არველაძის გუნდმა კონკურენტთან სხვაობა გაზარდა #1TVSPORT

შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ ჩემპიონშიფის 41-ე ტურში „მიდლსბროს“ ესტუმრა, რომელიც პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის შანსს ინარჩუნებს, 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა. პირველ 45 წუთში ორივე მხარე ბურთისთვის ბრძოლას უფრო მეტ დროს ანდომებდა, ვიდრე მოწინააღმდეგის კარზე შეტევას. შანსები უფრო „მიდლსბროს“ ჰქონდა, მაგრამ მასპინძლებს გადამწყვეტ მომენტში უზუსტობა ძვირად დაუჯდათ.

მეორე ნახევარში „ჰალის“ დაცვამ იოლად მოიგერია მასპინძლების შეტევები. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ჩანდა, რომ „მიდლსბრო“ გადამწყვეტი შტურმისთვის ემზადებოდა, 74-ე წუთზე კინ ლუის-პოტერის დარტყმამ „რივერსაიდი“ გააჩუმა და „ჰალი“ წინ გაიყვანა. მიუხედავად ყველა მცდელობისა, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და შოთა არველაძის გუნდმა გასვლაზე წარმატებული თამაშების სერია 6 მატჩამდე გაზარდა.

41 ტურის შემდეგ „ჰალ სიტიმ“ 44 ქულა დააგროვა და მე-20 ადგილზეა. მაგრამ უახლოეს მდევართან, „რედინგთან“ (37) სხვაობა გაზარდა და ჩემპიონშიფის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე შოთა არველაძის გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.