ჰაკან ფიდანი - თურქეთი ეძებს გზებს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად ჩასართავად
ჰაკან ფიდანი - თურქეთი ეძებს გზებს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად ჩასართავად

თურქეთი ეძებს გზებს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად ჩასართავად, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთს სურს, უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, ასევე იმუშაოს ისეთ შეთანხმებებზე, როგორიცაა მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა.

„ახლა ჩვენ ვეძებთ დამატებით შესაძლებლობებს, თუ როგორ შეგვიძლია, უფრო მეტად ჩავერთოთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში და ვთავაზობთ ორივე მხარეს, რომ შეგვიძლია, ვუმასპინძლოთ შეხვედრის ადგილს, შეგვიძლია, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი, უკრაინა და აშშ აყალიბებენ თავიანთ გეგმებს ცეცხლის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჰაკან ფიდანის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმაც უნდა დაიკავონ ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან თურქეთთან ერთად.