„ჰაიდენჰაიმმა“ ზივზივაძის სანაცვლოდ „კარლსრუეს“ თავდამსხმელი დაუთმო #1TVSPORT
„ჰაიდენჰაიმმა“ ზივზივაძის სანაცვლოდ „კარლსრუეს“ თავდამსხმელი დაუთმო #1TVSPORT

„კარლსრუემ“ ბუდუ ზივზივაძის შემცვლელი მისი ახალი კლუბის, „ჰაიდენჰაიმის“ რიგებში მონახა, – ინფორმაციას „სკაი სპორტის“ გერმანული ბიურო ავრცელებს.

„კარლსრუემ“ საუკეთესო ბომბარდირის, ბუდუ ზივზივაძის მემკვიდრე იპოვა. კლუბმა პრინციპულად შეათანხმა „ჰაიდენჰაიმთან“ მიკელ კაუფმანის იჯარა. ახლა გარიგება მხოლოდ 24 წლის თავდამსხმელზეა დამოკიდებული, რომელიც 2022/23 წლების სეზონში „კარლსრუეში“ უკვე თამაშობდა“, – წერს „სკაი სპორტი“.

ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერის გავლენის შესახებ გამოცემა KA-News წერილს აქვეყნებს, საიდანაც კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გუნდისთვის ბუდუ ზივზივაძე.

„ბუდუ წავიდა – რა არის ახლა? სევდა, მწუხარება თუ თავდაჯერებულობა?“

„ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ აღარ არის. ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (სეზონში 12 გოლი) ბუნდესლიგაში ითამაშებს. ეს სპორტული მოტივია, ის ასევე მაღალ ხელფასს მიიღებს. მეორე ბუნდესლიგის ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელის ახალი დამსაქმებელი პატარა კლუბია, რომელსაც დაქვეითების საფრთხე ემუქრება.

ბუდუმ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, 2029 წლამდე. თუმცა უცნობია, არის თუ არა ხელშეკრულებაში პუნქტები, რომლებიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგას დატოვებს.

„კარლსრუეს“ მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა გუნდის ყოფილ თავდამსხმელთან, ალექსანდრე იაშვილთან ინტენსიური პირადი კონტაქტების წყალობით, მისი რეკომენდაციით წამოჭრა ბუდუს დამატების საკითხი. აიხნერი და კაპიტანი მარვინ ვანიჩეკი ძალიან განიცდიან საუკეთესო თავდამსხმელის წასვლას, რადგან ქართველთან დამშვიდობება გუნდისთვის დიდი დანაკლისია“, – წერს გერმანული ონლაინ-გამოცემა.