ჰააგის სასამართლო ავღანეთში ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებს არ გამოიძიებს
ჰააგის სასამართლო ავღანეთში ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებს არ გამოიძიებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავღანეთში ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებს არ გამოიძიებს. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, ავღანეთში მოცემულ მომენტში გამოძიების დაწყება მართლმსაჯულების ინტერესებს არ მოემსახურება. როგორ ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იმის მიუხედავად, რომ გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველი არსებობს, თუმცა მომხდარი მოვლენებიდან ზედმეტად ბევრი დრო გავიდა, ავღანეთის თანამშრომლობა კი ამ საკითხში ნაკლებად მოსალოდნელია. სისიხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, ამგვარად წარმატებული გამოძიების შანსები უკიდურესად მცირეა.

მანამდე, აშშ-ის ხელისუფლებამ მოუწოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეწყვიტოს აღნიშნული გამოძიება. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს პროკურორების და მოსამართლეების მიმართ სანქციები ამოქმედდება.

2017 წლის ნოემბერში ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს ავღანეთში ჩადენილი შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიების მანდატი მოითხოვა. ის ავღანეთში 2003 წლიდან მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლების, ავღანეთის სამთავრობო ძალებისა და ამ ქვეყანაში დისლოცირებული საერთაშორისო კოალიციის სამხედროების, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას გეგმავდა. 2019 წლის 5 აპრილს აშშ-მა ფატუ ბენსუდას ვიზა გააუქმა.

დატოვე კომენტარი