გვილიას პასი და „ლეგიას“ გამარჯვება - ვარშაველთა ნაბიჯი ჩემპიონობისკენ (ვიდეო)

ვაკო გვილიამ მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ეს პოლონეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში მოხდა – ვარშავის „ლეგია“ პოზნანის „ინეა სტადიონზე“ „ლეხს“ ესტუმრა და მძიმე დაპირისპირება 0:1 მოიგო.

ვარშაველებმა გამარჯვება მე-17 წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს, რომელიც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ჩაწოდების შემდეგ გავიდა – „ლეხის“ მეკარე შეცდა, ჩეხმა თავდამსხმელმა ტომას პეხარტმა კი ცარიელ კარში გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ვაკო გვილია 10 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა. მან მატჩი „ლეგიას“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. ვაკომ მიმდინარე სეზონში ვარშაველთა ფორმით ჩატარებულ 26 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

27 ტურის შემდეგ, „ლეგიამ“ 54 ქულა დააგროვა და კონკურენტს, გლივიცეს „პიასტს“ უკვე 8 ქულით უსწრებს.