გვილიას და „ლეგიას“ ზეიმი გადაიდო - ვარშაველები პოზნანში დამარცხდნენ
გვილიას და „ლეგიას“ ზეიმი გადაიდო - ვარშაველები პოზნანში დამარცხდნენ
პოლონეთის ჩემპიონატის (პრო ექსტრაკლასა) 34-ე ტურში ვარშავის „ლეგია“ პრინციპულ მეტოქეს, მეორეადგილოსან პოზნანის „ლეხთან“ 1:2 დამარცხდა და პოლონეთის ახალი ჩემპიონის კორონაცია მინიმუმ ერთი კვირით გადაიდო.
 
ვაკო გვილია ვარშაველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი სტუმართა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, რაც გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდზეც აღინიშნა.
„დომაგოა ანტოლიჩმა და ვალერიან გილიამ კარგად ითამაშეს „ლეხის“ წინააღმდეგ, მოედნის ცენტრში საიმედოდ და აქტიურად თამაშობდნენ, მაგრამ მთლიანობაში „ლეგია“ დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა“ – წერია „ლეგიას“ ოფიცალურ ვებგვერდზე.
გვილიას რამდენიმეჯერ შეეძლო თავის გამოჩენა: 21-ე და 58- წუთებზე მისი დარტყმის შემდეგ „ლეხის“ ნიდერლანდელმა მეკარემ, მიკი ვან დერ ჰარტმა კარგი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გოლისგან იხსნა. 70-ე წუთზე გვილიას შეეძლო სეზონის გამორჩეული გოლის ავტორი გამხდარიყო, როდესაც საჯარიმოსთან სამ მცველს ეფექტურად გასცდა და კარის წინ დარჩენილმა გატანა სცადა, მაგრამ „ლეხის“ მეკარე ამჯერადაც გადაეღობა.
29-ე წუთისთვის პოზნანელები უკვე 2:0-ს იგებდნენ. 71-ე წუთზე, ვარშაველთა მცველმა იგორ ლევჩუკმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „ლეგიამ“ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
ვარშავის „ლეგია“ 34 ტურის შემდეგ პოლონეთის ჩემპიონატს 65 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან პოზნანის „ლეხს“ რვა ქულით უსწრებს და ჩემპიონობის აღვნიშვნა მინიმუმ შემდეგ კვირამდე გადადო.