გვილია წლის პირველ მატჩს გამოტოვებს - ქართველს კორონავირუსი დაუდასტურდა
გვილია წლის პირველ მატჩს გამოტოვებს - ქართველს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვარშავის „ლეგია“ პოლონეთის ექსტრაკლასაში სეზონის განახლების შემდეგ პირველ მატჩს ხვალ ჩაატარებს. გუნდი ავტობუსით გაემგზავრა ბიელსკო-ბიალაში, სადაც „პოდბესკიძეს“ კვირას, 31 იანვარს, მე-16 ტურში ეთამაშება.

ვარშაველთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გუნდის მოთამაშეთა სამედიცინო ანგარიშის დასკვნა გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის ჩემპიონატის განახლების მატჩამდე გუნდს ვალერიან გვილია გამოაკლდა – მიზეზი კორონავირუსია.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვალერიან გვილიამ ოთხშაბათს, 27 იანვარს, SARS-CoV-2 ვირუსზე ტესტირება გაიარა, რამაც უარყოფითი შედეგი მისცა. ის მაინც სახლში დარჩა და მეორე ტესტი 28 იანვარს ჩაიტარა, პასუხი დადებითი იყო. გვილია ამჟამად იზოლაციაში იმყოფება“, – წერს „ლეგიას“ ოფიციალური ვებგვერდი.

ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ SARS-CoV-2 ვირუსზე ტესტის დადებითი შედეგის გამო, იზოლაციაში „ლეგიას“ კიდევ ოთხი თანამშრომელია. გუნდის დანარჩენმა წევრებმა უარყოფითი პასუხი მიიღეს.