გვილია პოლონეთის ჩემპიონია - ქართველმა გადამწყვეტ შეხვედრაში გაიტანა (ვიდეო)

ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის შეხვედრაში თავისი მორიგი გოლი გაიტანა, მისი გუნდი, ვარშავის „ლეგია“ კი ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

ვარშაველებმა საკუთარ მოედანზე „კრაკოვიას“ უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს. გვილიამ შეხვედრა „ლეგიას“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მნიშვნელოვანი მატჩის მიწურულს, 90+4-ე წუთზე შეცვალეს.

ანგარიში 23-ე წუთზე ვარშაველთა ჩეხმა თავდამსხმელმა ტომაშ პეჰარტმა გახსნა, შეტევა კი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა წამოიწყო. გვილიას 45-ე წუთზე გატანა შეეძლო, მაგრამ ახლოდან მის დარტყმულ ბურთს მცველი გადაეღობა და სტუმრები აშკარა გოლისგან იხსნა.

26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მიზანს მაინც მიაღწია. 75-ე წუთზე კრაკოველთა კარი ზუსტი დარტყმით აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „ლეგიას“ სასარგებლოდ.

ვარშაველებმა 35 ტურის შემდეგ 68 ქულა დააგროვეს, მეტოქეებისთვის მიუღწეველები გახდნენ და პოლონეთის ჩემპიონობა ისტორიაში მეცამეტედ იზეიმეს.

ვაკო გვილიამ მიმდინარე სეზონში ვარშავის „ლეგიას“ ფორმით 47 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა – 8 პოლონეთის ჩემპიონატში, 2 პოლონეთის თასზე, ერთიც – ევროპის ლიგაზე.