გვიან ღამით ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის „მასტერსზე“ მეორე მატჩს ჩაატარებს

23:30, 06.08.2019

რამდენიმე საათში ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე შეხვედრას გამართავს მონრეალის „მასტერსზე“. ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში გასასვლელად გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს 35-ე ჩოგანია.

მან პირველ წრეში ძალიან მაღალი დონის თამაში აჩვენა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგას წინააღმდეგ. გერმანელმა ორ სეტში 6:2, 6:2 მოიგო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი მოქმედება საკუთარ გეიმებშიშტრუფმა პირველ მოწოდებაზე ქულების 90 პროცენტი აიღო.

რაც შეეხება ბასილაშვილს, მან ურთულეს ბრძოლაში სერბი დუშან ლაიოვიჩი 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა. ამ მატჩში 14 ბრეიკი დაფიქსირდა.

ATP-ის დონეზე ბასილაშვილი და შტრუფი ერთმანეთს არ შეხვედრიან. სამაგიეროდ, ორი მატჩი ჰქონდათ ერთმანეთში „ჩელენჯერის“ ტურნირებში: 2013 წელს, ბერგამოში (ჰარდი) გერმანელმა მოიგო – 6:1, 2:0 (ბასილაშვილმა თამაში ვერ დაასრულა), 2016 წელს, ჰაილბრონში (გერმანია, გრუნტი) ქართველმა 6:4, 7:6(3) გაიმარჯვა.

ბუკმეიკერთა აშკარა ფავორიტი შტრუფია. მის მოგებაზე კოეფიციენტი 1.55-ს შეადგენს, ბასილაშვილის მოგებაზე – 2.55. მატჩი თბილისის დროის 02:30 საათზე დაიწყება.

საინტერესოა, რომ მონრეალის „მასტერსის“ წყვილთა ტურნირში ბასილაშვილი და შტრუფი ერთად გამოდიან. ისინი ხვალ ჩაატარებენ პირველი წრის მატჩს ბრიტანელი კაილ ედმუნდისა და ამერიკელი ტეილორ ფრიტცის წინააღმდეგ.

მსგავსი