გველესიანის გოლი, ზივზივაძის „საგოლე“
გველესიანის გოლი, ზივზივაძის „საგოლე“

შაბათი უცხოეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებისთვის უჩვეულოდ წარმატებული და ხვავიანი გამოდგა.

გიორგი გველესიანმა გოლი ირანის ჩემპიონატის ლიდერთა შეხვედრაში გაიტანა – მისი „სეპაჰანი“ ირანის ჩემპიონატს ლიდერობს და მე-12 ტურში მესამეადგილოსან „ესტეღლალს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2. ქართველმა მცველმა მე-14 წუთზე ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე მეორე გოლი გაიტანა. „სეპაჰანმა“ 23 ქულით ირანის ჩემპიონატის ლიდერობა შეინარჩუნა.

ბუდუ ზივზივაძე „მეზოკოვეშდს“ ქულის მოპოვებაში კიდევ ერთხელ დაეხმარა, ამჯერად – საგოლე გადაცემით. ოტპ ბანკ ლიგის (უნგრეთის ჩემპიონატის) მე-14 ტურში ქართველის გუნდი „პუშკაშ აკადემიას“ „პანჩო არენაზე“ ესტუმრა და ქულა ბოლო წუთებზე გამოგლიჯა – 1:1. „მეზოკოვეშდი“ 88-ე წუთამდე აგებდა, როდესაც ზივზივაძემ მეკარესთან პირისპირ ბელორუსის ნაკრების ნახევარმცველი ალექსანდრ კარნიტსკი დატოვა და მან მასპინძელთა კარი აიღო. ქართველი თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-4 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღ​ო და შეუცვლელად ითამაშა.