გვარდიოლას ექსპრესი სრული სვლით | პრემიერ ლიგის ტურის მიმოხილვა
გვარდიოლას ექსპრესი სრული სვლით | პრემიერ ლიგის ტურის მიმოხილვა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე–13 ტური, პარასკევს, ვესტ ჰემისა და ლესტერის მატჩით გაიხსნა. დევიდ მოიესმა, რომელმაც ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სლავენ ბილიჩი 2 ტურის წინ შეცვალა, “ჩაქუჩებთან” ერთად პირველი ქულა მოიპოვა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად.

მოულოდნელად, ვერ მოიგო საშინაო მატჩი ტოტენჰემმა. “დეზებმა” მატჩის დასაწყისშივე გაუშვეს გოლი ვესტ ბრომვიჩისგან, როდესაც მოედნის ცენტრში დელე ალი შეცდა და ლივერმორს ჩააბარა ბურთი, ამ უკანასკნელის პასით კი რონდონმა ლიორისის კარი დალაშქრა.

პირველ ტაიმში სონს და კეინს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრებმა, მაგრამ მათი დარტყმულები ხან მიზანს ცდებოდა, ხან კი სტუმართა მეკარე იგერიებდა.

ტოტენჰემი მარცხისგან მაინც კეინმა იხსნა, როდესაც, მეორე ტაიმში, დელე ალის მარჯვნიდან ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარში. მსაჯის დამატებულ წუთებზე ლონდონელები ორჯერ გადარჩნენ ვესტ ბრომვიჩის შეტევებისას.

ამ სეზონში “დეზებმა” მესამედ ითამაშეს შინ ფრედ და მანჩესტერ სიტის უკვე 13 ქულით ჩამორჩნენ.

უემბლიზე აღებული ქულით კმაყოფილი იყო სტუმართა დროებითი მწვრთნელი გარი მეგსონი, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს 11 ტურია არ მოუგია. მეგსონმა გასული ტურის შემდეგ გათავისუფლებული ტონი პულისი შეცვალა.

გაჭირვებით მოიგო მანჩესტერ იუნაიტედმა, რომელსაც დებიუტანტმა ბრაიტონმა “ოლდ ტრაფორდზე” მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ტრავმირებული ჯოუნსისა და ბაიის არყოფნაში, ბრაიტონის შემტევები იუნაიტედის დაცვაში თავისუფლად პოულობდნენ სივრცეებს, და ოდნავ მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის შემთხვევაში, ქულასაც წაიღებდნენ შინ.

მატჩის ერთადერთი გოლი იუნაიტედმა მეორე ტაიმში გაიტანა, როდესაც საეჭვოდ დანიშნული კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ეშლი იანგს მიუვიდა, მისი საჯარიმოს გარედან დარტყმული კი ბრაიტონის მცველს მოხვდა და მიმართულებაშეცვლილი ბურთი კარში ჩაეშვა.

“წითელი ეშმაკები” ოლდ ტრაფორდზე უკვე 39 მატჩია დაუმარცხებლები არიან, რაც კლუბის რეკორდის გამეორებაა.

ტურის ცენტრალური მატჩი ლივერპულსა და ჩელსის შორის “ენფილზე” შედგა. კონტემ დაცვის ცენტრში კვლავ ანდრეას კრისტენსენი დააყენა, დავიდ ლუისი კი სათადარიგო სკამზე დარჩა.

მატჩი ძირითადად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ანგარიში მასპინძლებმა მეორე ტაიმში გახსნეს – მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგაში მე–10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა. ლონდონელები მარცხისგან შეცვლაზე შემოსულმა ვილიანმა იხსნა, რომლის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთიც მინიოლეს კარში ჩაეშვა.

ბოლო წუთებზე სალაჰს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ მისი დარტყმული კურტუამ გაჭირვებით მოიგერია.

ბარნლისა და არსენალის დაპირისპირებაში უკვე ზედიზედ მესამედ ხდება ისე, რომ გამარჯვებული მსაჯის დამატებულ წუთებზე ირკვევა. ისე, როგორც წინა ორ შემთხვევაში, 3 ქულა ამჯერადაც “მეთოფეებს” ერგოთ: 92–ე წუთზე დანიშნული პენალტი ალექსის სანჩესმა გამოიყენა და არსენალი მე–4 პოზიციაზე გადაიყვანა.

კვლავ შეუჩერებელია მანჩესტერ სიტი, მაგრამ ამჯერად გვარდიოლას გუნდს 3 ქულის მოსაპოვებლად ჰადერსფილში დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა.

მიუხედავად სტუმართა დიდი ტერიტორიული უპირატესობისა, ანგარიში ჰადერსფილდმა გახსნა: კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი სიტის არგენტინელ მცველს, ნიკოლა ოტამენდის მხარზე მოხვდა და საკუთარ კარში ჩაეჭრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტერლინგი ორჯერ წაიქცა მეტოქის საჯარიმოში: მეორე შემთხვევაში მსაჯმა პენალტი დანიშნა და აგუერომაც ანგარიში გაათანაბრა. 54– წუთზე ლეროი სანეს ჯარიმა ხარიხამ მოიგერია, გამარჯვების გოლი კი “ქალაქელებმა” 84–ე წუთზე გაიტანეს: გაბრიელ ჟეზუსის დარტყმული და მეკარის მოგერიებული ბურთი სტერლინგს მოხვდა და ისე ჩაეშვა მასპინძელთა კარში.

სიტიმ სტუმრად ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო. სულ კი 13–დან 12 მოგება დაუგროვდა და მეორე ადგილზე მყოფ იუნაიტედს კვლავ 8 ქულით გაასწრო.

აღსანიშნავია უოტფორდის მეოთხე მოგება სტუმრად ამ სეზონში. მარკო სილვას გუნდს ამჯერად რაფა ბენიტესის ნიუკასლი ემსხვერპლა.

 

მე–13 ტურის შედეგები:

ვესტ ჰემი 1:1 ლესტერი

ტოტენჰემი 1:1 ვესტ ბრომვიჩი

სუონსი 0:0 ბორნმუთი

ნიუკასლი 0:3 უოტფორდი

კრისტალ პალასი 2:1 სტოკი

მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 ბრაიტონი

ლივერპული 1:1 ჩელსი

საუთჰემპტონი 4:1 ევერტონი

ბარნლი 0:1 არსენალი

ჰადერსფილდი 1:2 მანჩესტერ სიტი