გვარდიოლა - ვიდეორეფერის მომხრე ვარ
გვარდიოლა - ვიდეორეფერის მომხრე ვარ

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ ვიდეორეფერის დიდი თაყვანისმცემელია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალი ტექნოლოგიის წყალობით მისი გუნდის კარში ორი პენალტი დაინიშნა.

გუშინ, 20 თებერვალს, გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში გამართული მატჩი ადგილობრივ შალკესა და მანჩესტერ სიტის შორის სტუმართა გამარჯვებით, 2-3 დასრულდა.

ანგარიში ინგლისელებმა გახსნეს, თუმცა პირველ ტაიმში გერმანელთა თავდამსხმელმა ნაბილ ბენტალებმა ორი პენალტი გაიტანა და შესვენებაზე თავისი გუნდი ერთბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.

„პენალტი იყო. პირველიც და მეორეც“, – განაცხადა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ, – „წითელი ბარათიც წითელი  ბარათი იყო. მე ვენდობი ვიდეორეფერის. ზოგჯერ ვაკრიტიკებ, მაგრამ ამჯერად ყველაფერი რიგზე იყო“.

პირველი პენალტი მანჩესტერ სიტის კარში იმის გამო დაინიშნა, რომ ნიკოლას ოტამენდის ბურთი ხელზე მოხვდა. მსაჯმა ეს ვერ შეამჩნია და თამაშის გაგრძელების ნიშანი მისცა, მაგრამ ვიდეორეფერიმ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. მეორე თერთმეტმეტრიანი კი ფერნანდინიოს მხრიდან სალიფ სანეს წინააღმდეგ წესების დარღვევას მოჰყვა, რაც ვიდეოგამეორებამაც დაადასტურა.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში მსაჯმა მოედნიდან მანჩესტერელი ოტამენდი გააძევა, სტუმრებმა მაინც შეძლეს მატჩის შემოტრიალება და ჯერ 85-ე (სანე), შემდეგ კი 90-ე (სტერლინგი) წუთებზე ორი გოლი გაუტანეს შალკეს.

განმეორებითი მატჩი ამ გუნდებს შორის 12 მარტს გაიმართება.