გვარდიოლა მსაჯის შესახებ კომენტარის გაკეთებისთვის გააფრთხილეს
გვარდიოლა მსაჯის შესახებ კომენტარის გაკეთებისთვის გააფრთხილეს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მსაჯის შესახებ კომენტარის გაკეთებისთვის გააფრთხილა. საუბარია არბიტრ ენტონი ტეილორზე, რომელიც წარმოშობით ჩეშირის საგრაფოდან არის და რომლის მანჩესტერულ დერბიზე დანიშვნამ გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

უნდა ითქვას, რომ ესპანელ სპეციალისტს მსაჯის ობიექტურობაში ეჭვი არ შეუტანია. პირიქით, მან გამორიცხა ნებისმიერი პოტენციური მიკერძოება ტეილორის მხრიდან, თუმცა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წესების მიხედვით, საფეხბურთო გუნდების მწვრთნელებს საერთოდ არ აქვთ მსაჯების დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების უფლება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, მსგავსი დარღვევისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იქნა დაჯარიმებული და თემა მაშინაც ენტონი ტეილორი იყო. პორტუგალიელ სპეციალისტს 50 000 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუხდა.

შგახსენებთ, რომ მანჩესტერული დერბი 11 ნოემბერს გაიმართა და სიტის გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.