გურულების ძველი ოცნება ქალებმა აახდინეს - „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
გურულების ძველი ოცნება ქალებმა აახდინეს - „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

​​საქართველოს ქალთა ლიგის ეგიდით გამართული 18 შეხვედრიდან „ლანჩხუთმა“ 17 მოიგო, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და უშუალო კონკურენტს, თბილისის „ნიკეს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ჩემპიონის სტატუსით „ლანჩხუთი“ საქართველოს უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.

2019 წლის სეზონის ჩემპიონებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცეს.

„ყველას გვიხარია, რომ გუნდმა დამსახურებულად მოიგო აღნიშნული გათამაშება და მომდევნო წელს ჩვენს ქვეყანას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს. ქალთა ფეხბურთის მიმართულებით ლანჩხუთში ნამდვილად დიდი პროგრესი გვაქვს. სასიამოვნოა, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ იქ არ შეიმჩნევა, ბოლო პერიოდში ჩვენი ქალთა ეროვნული ნაკრების თამაშებს თუ გადავხედავთ პროგრესი იქაც აშკარაა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონი „ლანჩხუთიდან“ ეროვნული ნაკრების ღირსებას ბევრი მოთამაშე იცავს. ​ქალთა ფეხბურთი ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამას ჩვენი მიდგომით ყოველ წლიურად ვამტკიცებთ. გვიხარია, რომ უკვე კონკრეტული შედეგები გვაქვს, წარმატებას ვუსურვებ „ლანჩხუთს“ და ყველა ქალ ფეხბურთელს. მოვუწოდებ გოგონებს ითამაშონ ფეხბურთი, ისიამოვნონ ამით და ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.