#ტაიმაუტი | პაატა გურასპაული - სექტემბრიდან ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში „ბასკონიას“ საკალათბურთო სკოლა გაიხსნება
#ტაიმაუტი | პაატა გურასპაული - სექტემბრიდან ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში „ბასკონიას“ საკალათბურთო სკოლა გაიხსნება

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობდნენ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და „ბასკონიაში“ მიმავალი სამი კალათბურთელი – სანდრო კასაბური, ლუკა ლიკლიკაძე და გეგა წულაია.

„ეს არის კალათბურთის ფედერაციისთვის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ბევრი მსჯელობა იყო მის ავკარგიანობაზე, თუმცა ახალი ხელშეკრულება, რომელიც კალათბუღთის ფედერაციამ „სასკი ბასკონიასთან“ გააფორმა, ყველას დაარწმუნებს, რომ პროექტი ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან იყო და იქნება უაღრესად სასარგებლო და სასიკეთო ქართული კალათბურთისთვის,“ – აღნიშნა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

პაატა გურასპაულმა შეგვახსენა, რომ 2015 წელს დადებული ხელშეკრულება დასრულდა 2020 წლის ზაფხულში და კონტრაქტის თანახმად ესპანურ მხარეს დარჩა ფინანსური ვალდებულებები:

„ერთად დავსხედით, ვიმსჯელეთ და, ვფიქრობ, მივედით ყველაზე ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე. განგვეახლებინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ქართველი ბავშვები კვლავ მიიღებენ მონაწილეობას იმ სასწავლო და სპორტულ პროცესში, რომელშიც ხუთი წლის მანძილზე იყვნენ ჩართულები. საბოლოო ჯამში „ბასკონიას“ სკოლა 30-მა ქართველმა კალათბურთელმა გაიარა. პანდემიის გამო იყო შეფერხება, თუმცა ახალი ხელშეკრულების მიხედვით სამი ქართველი ახალგაზრდა უკვე იანვარში გაემგზავრება ქალაქ ვიტორიაში და ჩაერთვება „ბასკონიას“ მოსამზადებელ პროცესში. საამისოდ საჭირო ფინანსებს დაფარავს ესპანური მხარე იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რაც დარჩა ხელშეკრულების გათვალისწინებით ჩვენს მიმართ.“

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ახალი ხელშეკრულების ერთ დეტალზეც გაამახვილა ყურადღება:

„მოგეხსენებათ, ძალიან მალე კალათბურთის ფედერაციას მმართველობაში გადაეცემა ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი. ერთ-ერთი პირობა იყო მასში „ბასკონიას“ საკალათბურთო სკოლის გახსნა. ახალი ხელშეკრულება ითვალისწინებს იმასაც, რომ უკვე სექტემბერში ვერის ბაღში „ბასკონიას“ სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას. ჩამოვლენ უმაღლესი დონის ესპანელი სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში იცხოვრებენ და უხელმძღვანელებენ ქართველი ბავშვების სწორი მიმართულებით აღზრდის საქმეს.“