გურამ თუშიშვილი - ოლიმპიადაზე გასასვლელად ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, აცრა სიფრთხილის გამო გადავწყვიტე #1TVSPORT
გურამ თუშიშვილი - ოლიმპიადაზე გასასვლელად ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, აცრა სიფრთხილის გამო გადავწყვიტე #1TVSPORT

ეროვნული ოლიმპიური დელეგაციის წევრები, სპორტსმენები და მწვრთნელები, რომლებიც მალე ტოკიოში გაემგზავრებიან, დღეს, კავკასიის მედიცინის ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

დელეგაციის წევრების კოვიდვაქცინაცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად დაგეგმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უშუალო ჩართულობით, სწორედ „ფაიზერის“ ვაქცინით განახორციელა.

ვაქცინაციის პროცესს, ზურაბ კახაბრიშვილის გარდა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი, ლერი ხაბელოვი და ვიცე პრეზიდენტი, გუჯა ბერიშვილი დაესწრნენ.

ძიუდოისტთა ნაკრების წევრის, გურამ თუშიშვილის თქმით, ვაქცინაციას სიფრთხილის გამო დათანხმდა.

„მე კორონავირუსი არ მქონია, ოლიმპიადაზე გასასვლელადაც ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ აცრა სიფთხილის გამო გადავწყვიტე, ასე უფრო მშვიდად ვიქნები“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გურამ თუშიშვილმა.

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიური თამაშები გადაიდო. მკაცრი რეგულაციების გამო, ეს იქნება პირველი ოლიმპიადა, რომელსაც უცხოელი გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან. გადაწყვეტილება იაპონიასა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობის, საერთაშორისო მოგზაურობაზე არსებული შეზღუდვებისა და კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გამო მიიღეს.