გურამ თუშიშვილი - მსოფლიო ჩემპიონატი ტაქტიკურმა მომზადებამ მომაგებინა | ინტერვიუ ჩემპიონთან

ბაქოში დასრულებული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ქართველმა სპორტსმენებმა სამშობლოში სამი მედალი – ოქრო (გურამ თუშიშვილი), ვერცხლი (ვარლამ ლიპარტელიანი) და ბრინჯაო (ამირან პაპინაშვილი) ჩამოიტანეს. პირველი არხის ჟურნალისტმა ნინო გაბელიამ ოქროსმედალოსან გურამ თუშიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

ქართველი ჩემპიონის თქმით, ის ყველა ბრძოლას ტაქტიკურად მიუდგა და სწორედ ამან ითამაშა დიდი როლი გამარჯვებაში.

„რა თქმა უნდა, ყველა მეტოქე კარგად მყავდა შესწავლილი. ამას გარდა, ფიზიკურად კარგად ვიყავი მომზადებული და უფრო ტაქტიკურად მიმყავდა ბრძოლები. ასევე, კარგად მყავდა შესწავლილი უშანგი კოკაური, რომელსაც ფინალში შევხვდი, რადგან მასთან ხშირად მიჭიდავია სხვადასხვა ტურნირზე. საბოლოოდ, სწორედ იმ ილეთით დავამარცხე, რომელიც წინასწარ მქონდა დაგეგმილი. ყველა სპორტსმენის ოცნებაა მსოფლიო ჩემპიონობა და ბუნებრივია, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. შარშან ძალიან გულდასაწყვეტი ბრძოლა წავაგე ტედი რინერთან, ამიტომ წელს უფრო მოტივირებული ვიყავი. მაშინ რინერმა, ბრძოლის დასრულების შემდეგ, ხელი ამიწია, რაც ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო, როგორც დამწყები სპორტსმენისთვის“, – ამბობს გურამ თუშიშვილი.

დატოვე კომენტარი