გურამ თუშიშვილი - ეს ოქროს მედალი მხოლოდ თქვენთვისაა [ვიდეო]

ბაქოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებს პირველი და ერთადერთი ოქროს მედალი გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოუტანა.  გურამ თუშიშვილმა ფინალურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, კომენტარი ექსკლუზიურად პირველ არხთან გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ჩემს მშობლებს მინდა პირველ რიგში მივულოცო, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა ჩადეს ამაში. მინდა იცოდნენ, რომ ძალიან მიყვარს ორივე მათგანი, მათი დამსახურებაა ჩემი ოქროს მედალი. რა თქმა უნდა, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მე მიყურა და მიგულშემატკივრა. აქ მყოფებსაც და მათაც, ვინც ტელევიზორში უყურებდა. ყველას ძალიან დიდი მადლობა, მხოლოდ თქვენთვის არის ეს ოქროს მედალი, რადგან თქვენი დამსახურებაა ეს ყველაფერი.“ – განაცხადა ქართველმა ძიუდოისტმა.

მან იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მხოლოდ მესამეა (ცირეკიძე – 2007, ჭრიკიშვილი – 2014), ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა – „(ჩემპიონი) რომ გავხდი მაშინ დამავიწყდა ეს ფაქტი, მაგრამ რა თქმა უნდა მახსოვს. ძალიან ბედნიერი ვარ და ვემზადებოდი ამისთვის.“

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალი უშანგი კოკაურთან ორთაბრძოლაში მოიპოვა. კოკაური ტურნირზე მასპინძელი აზერბაიჯანის ღირსებას იცავდა.