გურამ ქუთათელაძე - ჩვენი ოჯახებიც და მთლიანი საქართველოც გავახარეთ
გურამ ქუთათელაძე - ჩვენი ოჯახებიც და მთლიანი საქართველოც გავახარეთ

გამორჩეული ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სპეციალური ეთერის სტუმარი იყო. შეგახსენებთ, რომ გურამმა UFC-ში დებიუტი უძლიერეს მატეუშ გამროტთან გამარჯვებით აღნიშნა, რომელსაც ამ შეხვედრამდე 17-დან 17 მოგება ჰქონდა მოპოვებული.

ქართველმა მებრძოლმა გადაცემაში 2020 წელი შეაფასა:

„ჩემთვის და ჩვენი ქართველი მებრძოლებისთვის ძალიან ემოციური წელი იყო. ამდენი ქართველი ერთდროულად მოხვდა UFC-ში და კარგი შედეგიც ვაჩვენეთ, ძალიან გახარებული ვარ. ჩვენი ოჯახებიც და მთლიანი საქართველოც გავახარეთ.“

ქუთათელაძემ UFC-ში მის პირველ მეტოქეზეც ისაუბრა:

„ძალიან ძლიერი მეტოქე და ძალიან ძლიერი მებრძოლი არის, რომელიც თავის თავს კიდევ აჩვენებს. მე არ ვიყავი კმაყოფილი ჩემი პერფორმანსით. პერფექციონისტი ვარ და ჩემს თავზე ძალიან დიდი პრეტენზიები მაქვს, მაგრამ შედეგი შედეგია, მოვიგე ეს ბრძოლა და ჩვენი საქმე გავაკეთეთ. დარბაზში დავბრუნდი და ვმუშაობ ჩემს შეცდომებზე. ჩვენი საქმე სულ პროგრესია და შეჩერება არ შეიძლება.“