გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ამიტომ ფაბრიკაციებს მიმართა
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ამიტომ ფაბრიკაციებს მიმართა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ვერ მოისვენა და ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ამიტომ ფაბრიკაციებს მიმართა. როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, ოპოზიციას სურს, ეს ურთიერთობები რაღაცნაირად დააზიანოს, თუმცა, მაჭარაშვილის თქმით, მრავალი ასეული წლის ურთიერთობა საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის არ დაზიანდება.

„ამის მამტკიცებელი საბუთები არ არის საჭირო მოვიძიოთ, რადგან ოპონენტების რამდენიმეთვიანი ინტერვიუები რომ ამოვიღოთ, ნახავთ, საჯაროდ ლანძღავენ სასულიერო პირებს, მართლმადიდებელ ეკლესიას. ისინი არათუ აკრიტიკებდნენ, არამედ პირდაპირ ლანძღავდნენ და დისკრედიატაციას უწევდნენ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს ზუსტად იმის წინაპირობაა, რომ ვერ აიტანეს, რომ ქართულ საზოგადოებაში მართმლადიდებელ ეკლესიას განუზომლად დიდი როლი აქვს. კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ეკლესიას დიდი როლი აქვს სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში. ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ეს ვერ აიტანა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.