გურამ მაჭარაშვილი - მოსამართლეს უნდა ჰქონდეს გარანტია და განცდა, რომ ერთი პოლიტიკური ძალა მოვა, მეორე თუ მესამე, მას ვერ შეეხებიან
გურამ მაჭარაშვილი - მოსამართლეს უნდა ჰქონდეს გარანტია და განცდა, რომ ერთი პოლიტიკური ძალა მოვა, მეორე თუ მესამე, მას ვერ შეეხებიან

პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება არის ის ორი მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც, როგორც მინიმუმ, უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„უზენაეს სასამართლოში პრაქტიკულად, მთავრდება ქართული მართლმსაჯულება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, უკვე რვა თვეზე მეტია, ჯერ კანონის დონეზე გავწერეთ ეს პროცედურები და კრიტერიუმები, შემდეგ კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიდიოდა გამჭვირვალე გასაუბრება, ხოლო ჩვენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სტანდარტი კიდევ უფრო გავზარდეთ და მესამე დღეა, პრაქტიკულად, ერთ კანდიდატს უსმენს კომიტეტი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, დგას თუ არა სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის განხორციელების და კენჭისყრის დროს სასწორზე „ქართული ოცნების“ მორალური უპირატესობა, რაზეც 2012 წელს და მის შემდეგაც მისი წარმატება იყო დაფუძნებული, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტია უზრუნველყოს, ხოლო მორალური უპირატესობა „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და ექნება იმის გათვალისწინებით, მომავალ თაობას როგორი სასამართლო ექნება და რას გააკეთებს ეს პოლიტიკური ძალა ამის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ გვინდა, დამოუკიდებელი სასამართლო არსებობდეს. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს გარანტია და განცდა, რომ ერთი პოლიტიკური ძალა მოვა, მეორე თუ მესამე, მას ვერ შეეხებიან. აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და კანონმდებლობაში ცვლილებები სწორედ ამიტომ განხორციელდა. სასამართლო სისტემას ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს და გამოსწორებაა საჭირო, მაგრამ ჩვენი უპირატესობა ეს არის, რომ გვინდა, სისტემა პოლიტიკისგან ჩამოვაცილოთ და მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ პოლიტიკისგან თავისუფალი არიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილმა დებატებში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ქავთარაძის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ფაქტობრივად, პოლიტიკური ხელისუფალის ნებას ასრულებდნენ, ამ პოლიტიკური ზეწოლისგან ვერ გათავისუფლდნენ.

„დღეს რომ ასეთი ტიპის პოლიტიკური გავლენა იყოს, როგორიც რეჟიმის დროს იყო, დღეს, მაგალითად, ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, იმ ოცკაციან სიაში როგორ მოხვდებოდა?“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, სასამართლო პოლიტიკისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი გახადოს და საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების მაჩვენებლები სწორედ ამას ადასტურებს.

„იყო შევარდნაძის პერიოდი, როცა კორუფცია იყო და სასამართლო პრაქტიკულად, უდიდესი პროცენტულობით აგებდა ყველა პროცესს. მერე, სააკაშვილის დროს იყო პერიოდი, როცა პრაქტიკულად, 99 პროცენტით სახელმწიფო იგებდა და ახლა, სტატისტიკას თუ ნახავთ, ეს უკვე გაშუალედებულია. ეს ჩვენი შიდა კვლევებით არ არის; ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაა, რომლითაც სტატისტიკის მიხედვით, ეს არა მთლიანად, მაგრამ ნელ-ნელა სწორდება. განსაკუთრებით – სისხლის სამართლის საქმეებში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.