გურამ მაჭარაშვილი - არ შეიძლება, ერთი წლით არჩეული გენერალური პროკურორის არჩევის ხარისხი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ექვსი წლით არჩეულის
გურამ მაჭარაშვილი - არ შეიძლება, ერთი წლით არჩეული გენერალური პროკურორის არჩევის ხარისხი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ექვსი წლით არჩეულის

არ შეიძლება, ერთი წლით არჩეული გენერალური პროკურორის არჩევის ხარისხი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ექვსი წლით არჩეულის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა თემის კომენტირებისას საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, გენერალური პროკურატურა უნდა იყოს უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე დღეს არის.

„ერთი წლით არჩეული პროკურორი თუ გვეყოლება, ის პირდაპირ დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ ძალებზე. ბუნებრივია, ის დაინტერესებული იქნება, ამა თუ იმ ძალის პოლიტიკური ინტერესები გაატაროს. ამ მიმართულებით ოპოზიციას არანაირი კონტრარგუმენტები არ წარუდგენია. რაც შეეხება გამოხმაურებას, არც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან, არც სახელმწიფო დეპარტამენტისა და არც ევროპელი კოლეგების მხრიდან განცხადებების გარდა, რადიკალური ოპოზიციის მიმართ არ მოგვისმენია კრიტიკა და განცხადება ხელიდან გაშვებული შანსის თაობაზე. მათი მოწოდების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდიოდა და როცა შეთანხმება შედგა, 19 აპრილის შეთანხმებას ხელს არ აწერდნენ. მიგვაჩნია, რომ ეს არანაირი ხელიდან გაშვებული შანსი არ არის, პირიქით, ეს არის შანსი იმის, რომ გენერალური პროკურორი უფრო მეტად დამოუკიდებელი იყოს. შანსი არის იმის, რომ თუ ოპოზიცია თანამაშრომლობას პარლამენტში მეტ-ნაკლებად არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს, მიღწევები ნამდვილად გვექნება. პარტნიორები დაინახავენ იმას, რომ მზარდი რესურსი გვაქვს, განვვითარდეთ ევროპისა და ამერიკის მიმართულებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა. „პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.