გურამ მაჭარაშვილი - ამნისტია ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, ეს იყო ევროკავშირის ინიციატივა, რადგანაც ოპოზიცია ითხოვს რაღაც ფორმით ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლას
გურამ მაჭარაშვილი - ამნისტია ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, ეს იყო ევროკავშირის ინიციატივა, რადგანაც ოპოზიცია ითხოვს რაღაც ფორმით ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლას

ამნისტია ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, ეს იყო ევროკავშირის ინიციატივა, რადგანაც ოპოზიცია ითხოვს რაღაც ფორმით ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლას, – განუცხადა თემის კომენტირებისას საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„ეს იყო მათი კატეგორიული მოთხოვნა და დღეს, როცა ევროკავშირის ასეთი ჩართულობით დოკუმენტი შეიქმნა, განცხადებები, რომ ამნისტია არ სურთ, სულ მცირე, უხერხულია მათი მხრიდან. ამნისტია არ იყო ჩვენი მიზანი და არც მოთხოვნა. ამას დავთანხმდით, რადგან ევროკავშირმა და ამერიკამ ჩვენი ოპონენტების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე გვთხოვეს, იქნებ, ნიკა მელიასა და 20 ივნისთან დაკავშირებულ პირებზე ამნისტია მომხდარიყო. ეს არის პოლიტიკური შეთანხმების საგანი“, – განაცხადა დეპუტატმა.

გურამ მაჭარაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა 20-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიასთან დაკავშირებით არასამთავრობოების პოზიციაზეც.

„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებას, რომ ამას მხარი არ დაუჭირონ, ეს სულ მცირე უხერხულია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო ინსტიტუციებისა შემდგარ დოკუმენტთან რომ მოდის წინააღმდეგობაში, არარელევანტურია. როგორც ჩანს, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია იმ დონეზე გავიდა, რომ აკონტროლებს და ზედამხედველობს საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ შემდგარ დოკუმენტს; საიდან აქვთ ასეთი ამბიცია ან სტატუსი, ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ჩანს, იმ დონეზე გავიდნენ, რომ საერთაშორისო ინსტიტუციების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და უფრო მეტიც, პოლიტიკურ შეთანხმებას აკონტროლებენ. ეს, სულ მცირე, უხერხულია. არც ევროკავშირს და ქართულ საზოგადოებას მათი პოზიცია არ აინტერესებს, მთავარია, დოკუმენტის აღსრულებას არ შეეშალოს ხელი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.