გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანს“ მატჩი გადაუდეს - ბრატისლაველები ევროპის ლიგის პლეი ოფისთვის ემზადებიან #1TVSPORT
გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანს“ მატჩი გადაუდეს - ბრატისლაველები ევროპის ლიგის პლეი ოფისთვის ემზადებიან #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავის „სლოვანს“, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, ტურის მატჩი უნდა გაემართა „მიჰალოვცესთან“, მაგრამ, კლუბის ცნობით, შეხვედრა გადაიდო.

„ზემპლინ მიჰალოვცემ“ გუნდში დაავადებულთა მაღალი მაჩვენებლის გამო მატჩის გადადების თხოვნით მიმართა ლიგის კლუბების გაერთიანებას. მოთხოვნას თან ერთვოდა ჯანდაცვის სამხარეო დეპარტამენტისა და ინფექციური კლინიკის დასკვნა.

„სლოვანის“ ფეხბურთელების შესაძლო ინფიცირების რისკების განხილვის შემდეგ ლიგის ხელმძღვანელობამ მატჩის გადადების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი შემდეგ შეხვედრას ხუთშაბათს, 24 აგვისტოს ჩაატარებს. „სლოვანი“ ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ თამაშში კვიპროსის ჩემპიონს, ლიმასოლის „არისს“ დაუპირისპირდება.

ზედიზედ ორი წელი ბრატისლავური გუნდი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა, ახლა კი აქვს შანსი, უეფა-ს უფრო მაღალი რანგის ტურნირზე მოხვდეს, ხოლო „მიჰალოვცესთან“ მატჩი 1 ნოემბერს გაიმართება.