გურამ კაშიას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გურამ კაშიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი ჩატარა ბრატისლავის „სლოვანის“ რიგებში, რომელმაც „მილანს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
თამაში მოულოდნელად დაძაბული გამოვიდა. იტალიელები 21-ე წუთზე პულიშიჩმა დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში „სლოვანის“ სწრაფი კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით სომეხმა თავდამსხმელმა, ბარსეგიანმა დააგვირგვინა და წონასწორობა აღადგინა.
გადამწყვეტი გამოდგა მეორე ტაიმის სამწუთიანი მონაკვეთი, როდესაც ლეაომ (68) და აბრაჰამმა (71) „მილანი“ წინ გაიყვანეს. 88-ე წუთზე მარსელმა სხვაობა ისევ შეამცირა. სლოვაკებმა დიდი ძალებით შეტევა და თამაშის გადარჩენა სცადეს, მაგრამ მსაჯმა მათი ფეხბურთელი ტოლიჩი გააძევა და ანგარიში აღარ შეცვლილა – 2:3.
ჩემპიონთა ლიგის მთავარ ეტაპზე გამართული ხუთი ტურის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა „სლოვანმა“ ჯერ ქულა ვერ მოიპოვა, ბოლო ადგილზეა და, დიდი ალბათობით, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.