გურამ კაშიას ახალი თაობის ეიმედება - არველაძე ვაისის მადლიერია
გურამ კაშიას ახალი თაობის ეიმედება - არველაძე ვაისის მადლიერია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლში გიბრალტართან მოახლოებული შეხვედრის შესახებ კომენტარები გააკეთეს.

„უახლოესი ორივე მატჩი რთული იქნება, რადგან გამოცდილება დაგვაკლდება, განსაკუთრებით, წინა ხაზში. მაგრამ ეს ვერ გამოდგება იმის ახსნად, რომ ეს მატჩები ვერ მოვიგოთ – ხვალ ჩვენ მარტო 3 ქულის მოსაპოვებლად ვემზადებით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებულია. მაგრამ ბევრი ახალი მოთამაშეა, მათ შორის, ახალგაზრდებიც და ალბათ, მწვრთნელი ამ თამაშებში მათ თავის გამოჩენის შანსს მისცემს. ჩვენთვისაც საინტერესო იქნება და გულშემატკივრებისთვისაც მათი ნახვა, რომლებსაც სამომავლოდ იმედებს ვუკავშირებთ. ორმხრივ შეხვედრის შემდეგ მწვრთნელები კმაყოფილები დარჩნენ”, – ამბობს ნაკრების მცველი გურამ კაშია.

ვატო არველაძემ ნაკრებში გამოძახებაზე და მომავალ შეხვედრებზე ისაუბრა.

„გამოძახებისთვის ვაისის მადლობელი ვარ. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა და – სასიხარულოც. რა თქმა უნდა, მეორე შეკრებაზე შედარებით თავისუფლად ვარ და ყველაფერი უფრო გამიადვილდა. შევეცდები, რომ თამაშებზე გულშემატკივარი გავახარო. მიმაჩნია, რომ პოლონეთში თამაშით სანაკრებო დონისთვის ფიზიკურად კარგად მოვემზადე, სამწუხაროა, რომ ბევრი წამყვანი ფეხბურთელი დაგვაკლდა. მაგრამ იმედია, გიბრალტართან დამაჯერებლად მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ. რაც შეეხება დანიას, ძალიან რთული თამაში იქნება. მაგრამ ხვალ თუ მოვიგებთ, კარგ განწყობას შევიქმნით და მასთანაც მაქსიმალურ შედეგს მივაღწევთ”,- განაცხადა არველაძემ.

საქართველოს ნაკრები გიბრალტართან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 7 ივნისს, 20:00 საათზე გამართავს, ხოლო 10 ივნისს დანიასთან, 22:45 საათზე. ორივე მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.