გურამ კაშიამ „ვიტესის“ ყველა დროის რეკორდი მოხსნა [ვიდეო]

ჰოლანდიის ერედივიზიეში 18 აპრილს გამართული 32-ე ტურის მატჩი არც  გურამ კაშიას დაავიწყდება და არც არნემის ”ვიტესს”, რადგან ეს შეხვედრა ფეხბურთელისა და კლუბის ისტორიას შემორჩება.

არნემელებმა გასვლაზე “ალკმაართან“ 3:4 წააგეს და მე-7 ადგილზე დაქვეითდნენ. საქართველოს ნაკრების მცველმა გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა. 30 წლის ქართველმა ”აზ ალკმაარის” წინააღმდეგ კლუბში ჩატარებული თამაშების რაოდენობით რეკორდი დაამყარა.

ქართველი მცველი ჰოლანდიურ კლუბში 2010 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა, ერედივიზიეს ბოლო ტურში კი ”ვიტესის” ფორმით 243-ე შეხვედრა ჩაატარა.
აქამდე 242 მატჩიანი რეკორდი ტეო იანსენს ეკუთვნოდა, რომელიც ბოლო წლებში არნემელთა სპორტული დირექტორი გახლდათ.

კაშიას რეკორდის დამყარება შეხვედრის დაწყებამდე გუნდელებმა და მწვრთნელებმა მიულოცეს.