გურამ კაშიამ „სლოვანთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
გურამ კაშიამ „სლოვანთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

გურამ კაშიამ ბრატისლავისსლოვანთანკონტრქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა – ეს ამბავი სლოვაკურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„საქართველოს ნაკრების კაპიტანი 2021 წლის ზაფხულიდან „სლოვანის“ განუყოფელი ნაწილია. გუნდში მოსვლის დღიდან მან არაერთხელ დაამტკიცა თავის მაღალი კლასი და გამოავლინა ლიდერის თვისებები. საპასუხისმგებლო მომენტებში გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოფნა აუცილებელია. მოხარული ვართ, რომ მასთან შეთანხმება შევძელით და გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება“, – განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ივან კმოტრიკ-უმცროსმა.

„„სლოვანში“ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდოდა, კვლავ  მეთამაშა აქ და მიხარია, რომ გუნდში მეხუთე სეზონს დავიწყებ. მჯერა, კიდევ ერთ წარმატებულ სეზონს ჩავატარებთ. გასული ოთხი წლის განმავლობაში „სლოვანში“ ოთხი ტიტული მოვიგე და მინდა, ეს რიცხვი გავზარდო. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას“, – განაცხადა გურამ კაშიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან.

კაშიამ, რომელიც 4 ივლისს 38 წლის გახდება, კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, სადაც 2003–2010 წლებში თამაშობდა. 2012 და 2013 წლებში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. არის საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული თამაშების რაოდენობით (124 მატჩი, 3 გოლი), 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო.

2010 წლიდან გურამ კაშია ნიდერლანდების ერედივიზიონის არნემის „ვიტესის“ წამყვანი მცველი და გუნდის კაპიტანი იყო. 2017 წელს, მისი ლიდერობით, გუნდმა ნიდერლანდების თასი მოიგო. 2018 წელს ამერიკულ „სან ხოსეში“ გადავიდა, რომელიც 2020 წელს დატოვა.

2021 წლის თებერვალში თბილისის „ლოკომოტივში“ ჩაირიცხა, რომელიც ზაფხულში დატოვა და ბრატისლავის „სლოვანში“ გადავიდა.