გურამ კაშია „ვიტესიდან“ გაცილებაზე - სპონსორებმა ულტიმატუმი წამოაყენეს, თუ არ დავბრუნდებოდი, გუნდს აღარ დაასპონსორებდნენ
გურამ კაშია „ვიტესიდან“ გაცილებაზე - სპონსორებმა ულტიმატუმი წამოაყენეს, თუ არ დავბრუნდებოდი, გუნდს აღარ დაასპონსორებდნენ

გურამ კაშიას არნემის „ვიტესმა“ იმდენად თბილი გაცილება მოუწყო, ქართველი მცველი ემოციებიდან დღემდე ვერ გამოსულა. ფეხბურთელი, რომელიც ჰოლანდიური კლუბის კაპიტანი იყო და მატჩების რაოდენობით მისი რეკორდსმენი გახდა, ზაფხულში ამერიკაში, „სან ხოსეში“ გადავიდა.

გურამ კაშიამ „ინსტაგრამზე“ ეს ემოციებით სავსე დღე გაიხსენა, რომლის ნაწყვეტსაც გთავაზობთ:

შაბათი. 1 დეკემბერი
გამეღვიძა და მივხვდი, რომ ჰოლანდიაში ჩემს მეგობრებთან ვიყავი. გამახსენდა, რომ განსხვავებული დღე იყო. პირველი შეხვედრა ჩემს პირველ სპორტულ დირექტორთან და მეგობართან მქონდა. ეს თავად ვთხოვე. საინტერესო ადამიანია, ფეხბურთზე და ფეხბურთელებზე ძალიან საინტერესო ხედვებით. ერთი საათი ვისაუბრეთ – ის ჰოლანდიაში ძალიან დამეხმარა და მას დიდად ვაფასებ.

მეორე შეხვედრა – არნემის პარკში, რაც ძალიან გამიკვირდა. 20-30 ადამიანი დამხვდა, „ვიტესის“ გულშემატკივრები, პატარა მოხალისეთა ორგანიზაცია, რომლებიც ფანებს მართავენ. რამდენიმე კამერაც იყო. მითხრეს, რომ ჩემთვის მადლობის გადახდა უნდათ. ირმებთან მიმიყვანეს. მათმა მონათხრობმა გამაოცა – ირმებს ჰყავთ ლიდერი, რომელიც ჯოგს განაგებს. ანუ გამორჩეული, როგორც მე – „ვიტესში“ და ამ ირემს „გურამი“ დაარქვეს, იმიტომ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მოკლედ, ჰოლანდიის პარკში ირემი მყავს.

ინტერვიუ „ვიტესის“ ტელევიზიასთან – განვლილ 8 წელიწადზე. ყოველ ინტერვიუსა და შეხვედრაზე დაბრუნებას მთხოვენ – ძალიან სასიამოვნოა. ისევ ვჭირდები და ისევ მაფასებენ. რა მაგარია?

ხულიგანი გულშემატკივარივით ჩავიცვი და სტადიონზე წავედი – თამაშია. სპონსორებმა ულტიმატუმი წამოაყენეს, თუ არ დავბრუნდებოდი, გუნდს აღარ დაასპონსორებდნენ. ყველა მხრიდან პატივისცემაა.

თამაში დაიწყო – ხელმძღვანელებთან ლოჟაში ვარ. თამაშის დასაწყისში ტაბლოზე გამოვჩნდი. ფანებმაც შემამჩნიეს, ძველი დრო გამახსენდა. გოლიც გავიტანეთ და მეც კმაყოფილი ვარ.

37-ე წუთი – ისევ დაიწყო: გუ-რამ კაშიია, გურამ კაშია! ემოციები მომაწვა – ნეტავ, ქართველები უყურებდნენ, რაი ამაყი ვიქნებოდითქო. სტადიონზე იყვნენ გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე – რას ფიქრობენ ახლა?

40 წუთზე, დირექტორმა მოედანზე ჩასვლა მთხოვა.
შესვენებაზე სტადიონი იცლება, მაგრამ ფეხი არავის მოუცვლია. ბიჭები გამოდიოდნენ და ხელს მირტყამდნენ. მსაჯებმაც თბილად მომიკითხეს, ლიგას დააკლდი და უკან უნდა დაბრუნდეო. მოედანზე შევდგი ფეხი და…

დატოვე კომენტარი