გურამ კაშია - ვაისი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი და ადამიანია, რომელთანაც მიმუშავია #1TVSPORT
გურამ კაშია - ვაისი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი და ადამიანია, რომელთანაც მიმუშავია #1TVSPORT

გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა ბრატისლავას „სლოვანში“ გადასვლაზე, სადაც კარიერას საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავასთან ერთად გააგრძელებს – ისინი ახალ გუნდში „ჯვაროსნების“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ითამაშებენ.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, რა გუნდია „სლოვანი“ და მისგან რას ველოდები. სტადიონზე მშვენიერი მოედანია და საფეხბურთო სულისკვეთება იგრძნობა. მოუთმენლად ველოდები, როდის ვითამაშებ. კარგად ვიცნობ გუნდის მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს, ის არის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელთანაც მიმუშავია და ასევე შესანიშნავი ადამიანია. ახლა მინდა კონცენტრირება შევძლო და კარგად მოვემზადო. შემდეგ კი შევეცდები, კლუბისა და გულშემატკივრებისთვის ბოლომდე დავიხარჯო”, – თქვა გურამ კაშიამ.

გურამ კაშია მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ოთხ კლუბში თამაშობდა. კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, სადაც გაიზარდა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2010-2018 წლებში ნიდერლანდების ერედივიზიის არნემის „ვიტესში“ გამოდიოდა და გუნდის კაპიტანი იყო, 292 მატჩით კი გუნდის რეკორდსმენი გახდა.

კაშიამ „ვიტესთან“ ერთად ნიდერლანდების თასი მოიგო. 2019 წლიდან ამერიკაში გადავიდა, სადაც „სან ხოსეს“ მაისური მოირგო. ბოლოს კაშია თბილისის „ლოკომოტივის“ სახელით თამაშობდა, რომელიც ახლახანს დატოვა და სლოვაკეთში გადავიდა.

აქვე ვიტყვით, რომ კაშია „სლოვანში“ მისთვის ჩვეული 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო კანკავას 20-ნომრიანი მაისური გადასცეს.