გურამ კაშია – თბილისის „დინამოსა“ და „ვიტესის“ გაწვრთნა მსურს, მაგრამ ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ნაკრებში მუშაობაა #1TVSPORT
გურამ კაშია, რომელმაც პროფესიული კარიერა 38 წლის ასაკში დაასრულა, ამბობს, რომ მწვრთნელობას აპირებს და ამჟამად სტაჟირებას თავის ყოფილ კლუბში, ბრატისლავის „სლოვანში“ გადის. საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანზე სტატიას sport24.pluska.sk-ი აქვეყნებს.
„კარიერის დასრულების მიუხედავად, გურამ კაშია „სლოვანში“ რჩება. ქართველი ფეხბურთელი ბრატისლავის კლუბის ლეგენდად იქცა. ის გუნდში ვლადიმირ ვაისმა მიიყვანა და ხუთი სეზონი განმავლობაში დიდ წარმატებას მიაღწია – ზედიზედ ხუთჯერ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი, გასულ წელს კი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზეც ითამაშა.
კარიერის დასრულების შემდეგ კაშია ოჯახთან ერთად სლოვაკეთში დარჩა და რეგულარულად ესწრება „სლოვანის“ მატჩებს. ბოლოს ის „ტეჰელნე პოლეს“ VIP ლოჟაში „მიალბისთან“ ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის მატჩის დროს გამოჩნდა, სადაც კლუბის მესვეურები თბილად დახვდნენ.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი სლოვაკეთში შემთხვევით არ დარჩენილა. მან „სლოვანში“ სამწვრთნელო სტაჟირება დაიწყო. ქართველი ვეტერანი მოხარულია, რომ სწავლისთვის დრო გამოუჩნდა, რასაც ფეხბურთელობისას მოკლებული იყო.

„პროფესიულ დონეზე 25 წელი ვითამაშე, მაგრამ ახლა ფეხბურთს სრულიად განსხვავებული კუთხით ვუყურებ. კარიერის დასრულებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვნანობ, რადგან თავისუფალი დრო უფრო მეტად მაქვს, რაც ფეხბურთელობის პერიოდში არასდროს მქონია“.
კაშიას უკვე აქვს სამწვრთნელო ლიცენზია და პირველ შეთავაზებას ელის. „ახლა ოჯახთან ერთად დიდ დროს ვატარებ. არ მაქვს ზედმეტი კილოგრამების შიში, ყოველ დილით ვვარჯიშობ, მიყვარს ჯანსაღი ცხოვრების წესი. კიდევ რამდენიმე თვეს დავისვენებ, შემდეგ კი მჯერა, რომ მალე მწვრთნელობის შანსიც მექნება“.
„მჯერა, რომ ერთ დღეს „ტეჰელნო პოლეზე“ მწვრთნელად დავბრუნდები. „სლოვანის“ გარდა, ძალიან მინდა, ჩემი ყოფილი კლუბების, „დინამო თბილისისა“ და არნემის „ვიტესის“ გაწვრთნა. მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობაა“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა (129 მატჩი) და ყოფილმა კაპიტანმა.