გურამ კაშია - „სლოვანშიც“ და ნაკრებშიც ჯერ კიდევ დიდი მოტივაცია მაქვს #1TVSPORT
გურამ კაშია - „სლოვანშიც“ და ნაკრებშიც ჯერ კიდევ დიდი მოტივაცია მაქვს #1TVSPORT

გურამ კაშიას ბრატისლავასსლოვანის“ პრესსამსახურმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზამთრის შეკრების გარდა, სხვა თემებზეც ისაუბრა.

„შესვენებაზე თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებდი, ცოტაც ვიმოგზაურე. სახლში ბედნიერი ვიყავი, მაგრამ 2-3 კვირის შემდეგ ყოველთვის მონატრება მეწყება. მეტიც, ჩემს შემთხვევაში ფეხბურთი არის არა სამუშაო, არამედ ჰობი. სულ უფრო და უფრო მოუთმენლად ველოდებოდი სეზონის განახლებას, დილის ვარჯიშს და მატჩების წინა მღელვარებას.

შეკრებაზე ტყეში სირბილი გამოწვევა იყო, ამასთან არც ისე კარგი მოგონებები მაკავშირებს (იცინის). ზამთრის ვარჯიში ნამდვილად არაა სეზონის ყველაზე საყვარელი პერიოდი. ზოგჯერ დღეში სამჯერაც ვვარჯიშობთ. კარგი მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს გამოვდივართ კომფორტის ზონიდან, მაგრამ სწორედ ესაა საუკეთესო რამ. გვინდა, წარმატებული შემოდგომა გავაგრძელოთ და ჩვენთვის გადამწყვეტი ამ მიზნის მისაღწევად ეს დღეებია.

რაც უფრო ასაკოვანი ხარ, მით მეტი უნდა იმუშაო. ამას უნდა დაამატო კარგი ძილი და ცხოვრების წესი. 35 წლის ასაკში იმაზე მეტი შრომა მიწევს, ვიდრე 12-13 წლის წინ. ბედნიერი ვარ, რომ მთელი გუნდი შრომობს და საერთო მიზნისკენ მიისწრაფვის. 9 და 16 მარტს კონფერენს ლიგის 1/8-ფინალს ვითამაშებთ. ხალხი სტადიონზე ევროპული მატჩების დროს დაბრუნდა, რადგან სწორედ ევროტურნირზე მოგება ახარებთ და აღელვებთ. მჯერა, რომ დიდი რაოდენობით გულშემატკივარი მოვა, მათი მხარდაჭერა კი ძალიან დაგვჭირდება.

ეროვნული ნაკრების მაისურით 100-ზე მეტი მატჩი ჩავატარე, მაგრამ ჯერ კიდევ „მშიერი“ ვარ და მინდა, მცირე თამაშებშიც ყველგან გავიმარჯვო – ვარჯიშზეც და მატჩებშიც. ძალიან კონკურენტუნარიანი ვარ, ვარჯიშზეც კი (იღიმის). ჯერ კიდევ დიდი მოტივაცია მაქვს წინ, „სლოვანშიც“ და ნაკრებშიც. მოუთმენლად ველი, რას მოიტანს ეს წელი“, – ამბობს გურამ კაშია.