გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა - ნონიკაშვილის „ზლატე-მორავცე“ პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT
გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანმა“ კონკურენტი „ჟილინა“ უხვგოლიან შეხვედრაში 4:3 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხედ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი.
ვლადიმერ ვაისის გუნდი 1:3-ს აგებდა, მაგრამ დავით შტრელეცის ჰეთთრიკით მეტოქის წინააღმდეგობა დაძლია და საბოლოოდ, მორიგი ტიტული მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამ მატჩში გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა, ხოლო სტუმართა რიგებში ალექსანდრე ნარიმანიძემ შეუცვლელად ითამაშა.
ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედა“ გასვლაზე საჩემპიონო ჯგუფის აუტსაიდერ „პოდბრეზოვასთან“ 0:2 დამარცხდა და სამეულთან ჩამორჩენის შემცირების შანსი ხელიდან გაუშვა – ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
გასავარდნთა ჯგუფში თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ“ „სკალიცა“ მიიღო და 2:4 დამარცხდა. ქართველი მცველი 75-ე წუთზე შეცვალეს. დარჩენილი ორი ტურის შედეგების მიუხედავად, ქართველის გუნდმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
სლოვაკეთის II ლიგაში ლევან ნონიკაშვილის „ზლატე მორავცემ“ გასვლაზე „მალჟენიცეს“ 5:1 მოუგო და მთავარ ლიგაში დასაწინაურებლად პლეი ოფში ითამაშებს.