გურამ კაშია შვეიცარიის ნაკრებზე - ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია
გურამ კაშია შვეიცარიის ნაკრებზე - ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სენტ-გალენში სამდღიანი გერმანული შეკრების შემდეგ ჩავიდა, სადაც ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიასთან გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშა.

ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ მოახლოებული თამაშის შესახებ ილაპარაკა.

„ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად შვეიცარიას გამარჯვება სჭირდება და საინტერესო მატჩი გველის. აქედან გამომდინარე, მეტოქეზე ზეწოლა უფრო დიდია. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ გზით ევრო 2020-ზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ შანსს ვიტოვებთ, რომ მიზანს ერთა ლიგის საშუალებით მივაღწიოთ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეეცდება. იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება იშვიათად ეძლეოდათ, ახლა თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ. შვეიცარიის ნაკრებისთვის დაძაბული მატჩი იქნება და შევეცდებით, რომ მათ საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ“ – ამბობს გურამ კაშია.

​ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა კომენტარი მეტოქეზეც გააკეთა: „ჩემი აზრით, შვეიცარია ყველა რგოლში ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი ნაკრებია. ამასთან ერთად შვეიცარიელებს ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები და კარგი მწვრთნელი ჰყავთ და მათ საკუთარი სტილი გააჩნიათ – მოკლე გადაცემებით თამაშობენ. ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია“.

შვეიცარიასა და საქართველოს შორის ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩი 15 ნოემბერს, 23:45 წუთზე დაიწყება.