გურამ კაშია - შვედეთთან გამოჩნდა სხვაობა ქომაგებთან და მათ გარეშე თამაშს შორის #1TVSPORT
გურამ კაშია - შვედეთთან გამოჩნდა სხვაობა ქომაგებთან და მათ გარეშე თამაშს შორის #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაზე, რომელშიც ვილი სანიოლის გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 მოიგო.

გურამ კაშია: „დღევანდელმა მატჩმა აჩვენა, თუ რამდენ რამეს ცვლის გულშემატკივარი და უპირველესად, მსურს მათ მადლობა გადავუხადო. ძალიან დაგვეხმარნენ, სწორედ ეს სხვაობაა ქომაგებთან და მათ გარეშე თამაშს შორის. მიმაჩნია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბოლო ორი მატჩი როგორც ვითამაშეთ, მონდომებით და გამარჯვების სურვილით, სწორედ ასეთი უნდა იყოს საქართველოს ნაკრები და სულ ასე უნდა ვთამაშობდეთ. გახარებული ვარ, რომ ეს მატჩი მოვიგეთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდებოდა, როგორც ფეხბურთელებს, ისე მწვრთნელებს და მთელ საქართველოს. რა თქმა უნდა, ნაჩვენები შედეგი ოპტიმიზმს აჩენს და ეს მომწონს, რადგან მე პირადად ოპტიმისტი ვარ და მუდამ მსურს წარმატებული ვიყო, წარმატებული იყოს გუნდი და თამაშებს ვიგებდეთ“.

ნიკა კვეკვესკირი: „ბევრი პოზიტივის დანახვა შეიძლება. უპირველესად იმის, რომ გუნდი იმ ფეხბურთს თამაშობს, რასაც თამაშის წინ გეგმავს. შესაძლოა, ეს ვიღაცისთვის იმდენად სანახაობრივი და შემტევი ფეხბურთი არ იყოს, მაგრამ ამას მოაქვს შედეგი და ჩვენ ვართ ბედნიერები – ესაა მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, წლისა და შესარჩევი ციკლის პოზიტიურ ნოტაზე დასრულებაც ყოველთვის სასიამოვნოა. საქართველოსთან და ბათუმთან ერთად, ჩვენც ბედნიერები ვართ“.